„გუდაური“, სასტუმრო კომპლექსი სამთო-სათხილამურო ცენტრ გუდაურში, ზ. დ. 2200 მ-ზე. აერთიანებს ოთხვარსკვლავიან სასტუმრო „გ-ს", საბაგირო გზებსა და სათხილამურო ტრასებს. კომპლექსი ააშენეს ავსტრიულმა ფირმებმა. მშენებლობა დაიწყო 1986 და დასრულდა 1988 (არქიტექტორები: ავსტრ. ე. ჩაკმანი, ლ. ლორთქიფანიძე). თავდაპირველად „გ-ის" სასტუმრო კომპლექსი ეკუთვნოდა კონცერნ „საქკურორტს", ხოლო 1995-იდან – მის ბაზაზე დაფუძნებულ სააქციო საზ-ბა „გერგეთს". 1989-იდან კომპლექსი იჯარით ჰქონდა აღებული და მენეჯმენტს ახორციელებდა ქართ.-ავსტრ. ერთობლივი საწარმო შპს „ე.ს. გუდაური" (1998-მდე მისი საფირმო სახელი იყო „მარკო პოლო"). 2007 წ. სექტიდან კომპლექსს ფლობდა სააქციო საზ-ბა „გუდაური", ხოლო 2010 წ. 1 იანვრიდან მისი მფლობელია შპს „გუდაური სქი რესორტი". „გ." განეკუთვნება სპორტ. და საკონფერენციო სასტუმროების კატეგორიას. შენობა ოთხსართულიანია და კარგადაა შეხამებული გარემოს. მისი არქიტექტურა დამახასიათებელია თანამედროვე ალპური ზონის ნაგებობებისთვის. სასტუმროს ფუნქციური გადაწყვეტა სრულად შეესაბამება სპორტ. და საკონფერენციო ცენტრის მოთხოვნებს. მასში განთავსებულია 121 ნომერი 250 საწოლ-ადგილზე, მ. შ. 85 ნომერი ორადგილიანია, 4 – სამადგილიანი, 24 – ჯუნიორ სუიტი" (ორსართულიანი ნომერი, ორი ძირითადი და ორი დამატებითი საწოლით), 8 ლუქსი. სასტუმროს აქვს რესტორანი (220 დასაჯდომი ადგილი), ბუხრიანი ბარი, საბანკეტო დარბაზი (30 კაცზე), ღამის ბარი და სათხილამურო გასასვლელთან სპეციალურად მოთხილამურეთათვის განკუთვნილი ექსპრეს-ბარი (50 დასაჯდომი ადგილი). სასტუმროში არის აგრეთვე საცურაო აუზი ჯაკუზით, საუნებითა და სამასაჟო ოთახით, ორი გადახურული ჩოგბურთის კორტი, საბილიარდო, თხილამურების შესანახი სათავსი, სახელოსნო და გასაქირავებელი პუნქტი, სამაშველო სამსახური, სამედ. პუნქტი და სხვ. სასტუმროში 80-ადგილიანი საკონფერენციო დარბაზია სინქრონული თარგმანის აპარატურით, 3 სასემინარო ოთახი საკონფერენციო აღჭურვილობითა და ინტერნეტით. სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ხუთი თანამედროვე ტიპის სათხილამურო-საბაგირო გზა (3- და 4-ადგილიანი სავარძლებით), რ-ებსაც მოთხილამურეები აჰყავს ზ. დ. 2200-იდან 3280 მ სიმაღლემდე (უმაღლესი წერტილი – მთა საძელე). სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე არის 36 კმ, ბაგირგზების საერთო გამტარუნარიანობა – 7600 კაცი სთ-ში (2010).
ლ. აბრამიშვილი