გურგენი (გ. 1008), ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, მეფეთ მეფე 994–1008; ქართველთა მეფის ბაგრატ II-ის ძე და გაერთ. საქართვ. პირველი მეფის ბაგრატ III-ის მამა. ცოლად ჰყავდა აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ასული გურანდუხტი.
გ-მა აქტ. მონაწილეობა მიიღო საქართვ. პოლიტ. გაერთიანებაში. 975 ქართლში მეურვედ გადმოჰყვა ბაგრატ III-ს. ქართლის აზნაურების ერთი ნაწილის ღალატის შედეგად გ. შეიპყრეს კახეთის სამეფოს აზნაურებმა, რ-ებიც ქართლისათვის იბრძოდნენ. დავით III კურაპალატის ენერგიული ჩარევის შედეგად გ. გაათავისუფლეს.
988 გ. მონაწილეობდა ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარის ერისთავის რატის დასამორჩილებლად მოწყობილ ლაშქრობაში. მამის გარდაცვალების შემდეგ, 994, გ-მა მისი ადგილი დაიკავა, მას მეფეთ მეფე უწოდეს, რადგან ბაგრატ III უკვე მეფე იყო. გ. ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა მიეღო დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა – ტერიტორიები, რ-ებიც ამ დროს ბიზანტიას ჰქონდა დასაკუთრებული.
იმპ. ბასილი II-მ მამა-შვილს შორის უთანხმოების ჩამოსაგდებად ბაგრატს კურაპალატობა უბოძა, გ-ს კი – მაგისტროსობა (კურაპალატობა მეტი პატივი იყო), მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით, იმპერატორის ამ „წყალობით" შეურაცხყოფილი გ. ტაოს დასაპყრობად გაეშურა. ბიზანტიელებმა გ -ის წინააღმდეგ ლაშქარი გამოგზავნეს, მაგრამ საქმე ბრძოლამდე არ მისულა და კონფლიქტი ურთიერთდათმობით მოგვარდა.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
ა. ბოგვერაძე