გუგუშვილი ანდრია

გუგუშვილი ანდრია  (1895, ქუთაისი, – 1970, ლონდონი), ისტორიკოსი, პუბლიცისტი, დიპლომატი, პოლიტ. და საზ. მოღვაწე, ქართ. პოლიტ. ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. დაამთავრა ქუთაისის ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია (1913). 1913–14 სწავლობდა ბერლინის უნ-ტში. 1914-იდან ინგლისში იყო, 1919 დაამთავრა ლონდონის უნ-ტი. საქართვ. დემოკრ. რესპ. გამოცხადებისთანავე ჩადგა მის სამსახურში. 1919–21 იყო ლონდონის ქართ. საპროპაგანდო ბიუროს ხელმძღვანელი. პარალელურად, 1918–21 – საქართვ. დემოკრ. რესპ. საელჩოს პირველი მდივანი. საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციისა და ლონდონში საქართვ. საელჩოს გაუქმების შემდეგ, ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით, შეიქმნა ქართ. ბიურო, რ-საც გ. ხელმძღვანელობდა. იგი აქტ. თანამშრომლობდა როგორც ქართ. პოლიტ. ემიგრაციის პერიოდულ გამოცემებთან, ისე ინგლისურენოვან პრესასთან. იყო „კავკ. დამოუკიდებლობის კომიტეტის" და „ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკის" (გენ. მდივანი – დოქტ. ნ. ნაკაშიძე) წევრი. II მსოფლიო ომის წლებში ინგლ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით გ. გაიგზავნა პარიზში, სადაც მოლაპარაკებები გამართა ქართ., აზერბ. და ჩრდ. კავკ. პოლიტ. ემიგრანტულ წრეებთან. გ. აქტ. მოღვაწეობდა ქართველოლოგიის, საქართვ. ისტ. დარგში. იყო ინგლისურენოვანი სამეცნ. ჟურნ. „Georgica"-ს ერთ-ერთი დაამარსებელი და პ/მგ მდივანი, ლონდონის უნ-ტის ლექტორი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზ-ბის ნამდვ. წევრი. საქართვ. ისტ. და ქართ. ლიტ. ისტ. საკითხებზე გამოაქვეყნა არაერთი ნაშრომი. თანამშრომლობდა ენციკლოპედია „ბრიტანიკასთან" და ბრიტ. ეროვნ. მუზეუმთან. გ-ის აქტ. მონაწილეობითა და კონსულტაციით ინგლისურად ითარგმნა ძვ. ქართ. მწერლობის ძეგლები. მათგან აღსანიშნავია რ. სტივენსონთან ერთად თარგმნილი „ომანიანი" და „ამირანდარეჯანიანი". იგი კონსულტაციას უწევდა დ. ლანგს „ბალავარიანის" ინგლ. თარგმანზე მუშაობისას, იყო რ. სტივენსონის მთ. კონსულტანტი „ვეფხისტყაოსნის" თარგმნის დროს (გამოიცა 1977 ნიუ-იორკში) და ჟურნალ „ბედი ქართლისას" მუდმივი თანამშრომელი.

ლიტ.: უ რ უ შ ა ძ ე ლ., ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბ., 2005.

ლ. ურუშაძე