გუნცაძე იოსებ ალექსანდრეს ძე (1863, სოფ. კვალითი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 1934, იქვე), აგრონომი.
1887 დაამთავრა მონპელიეს (საფრანგეთი) აგრონ. ინ-ტი, დაბრუნდა სამშობლოში, სოფ. კვალითში, და შეუდგა სას.-სამ. საქმიანობას.
აღმოაჩინა ვაზის დაავადება ჭრაქი, შეიმუშავა ბორდოს ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი და დაიწყო ვაზის შეწამვლა. ფილოქსერის წინააღმდეგ პირველმა დაამყნო ამერ. საძირეზე ვაზი, რაც ფართოდ დაინერგა მევენახეობაში. ამ წესს ვ. სტაროსელსკი პირველად გ-ის სანერგეში გაეცნო.
გ-მ საზღვარგარეთიდან შემოიტანა ახ. გაუმჯობესებული სას.-სამ. მანქანა-იარაღები, ხელსაწყოები და აპარატები. სას.-სამ. ცოდნის პროპაგანდის მიზნით ატარებდა საცდელ-საჩვენებელ სამუშაოებს, ექსპერიმენტებს, აჩვენებდა ახ. აგროტექნიკურ წესებს. ევრ. მოწინავე მეღვინეთა გამოცდილების საფუძველზე ატარებდა სადემონსტრაციო ცდებს ღვინის ტექნოლოგიის საკითხებზე. შეიმუშავა ქართ. ვაზის ჯიშებისაგან ღვინის დაყენების რამდენიმე ხერხი.
1908 ზესტაფონში დააარსა სამომხმარებლო-საკრედიტო ამხანაგობა „იმერეთი", რომელსაც ხელმძღვანელობდა 1923-მდე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი, სისტემატურად თანამშრომლობდა ქართ. და რუს. პერიოდულ პრესასთან.
ლიტ.: ჩ ხ ე ი ძ ე თ., იოსებ გუნცაძე, თბ., 1985.
თ. ჩხეიძე