გუგუშვილი ეთერ ნიკოლოზის ასული

  

ე. გუგუშვილი

გუგუშვილი ეთერ ნიკოლოზის ასული, (2. IX. 1925, თბილისი, – 2. II. 2005, იქვე), თეატრმცოდნე, თეატრ. კრიტიკოსი, თეატრ. ისტორიკოსი, პედაგოგი. საქართვ. (1967), აფხ. (1974) და დაღ. (1984) ხელოვნ. დამს. მოღვაწე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1971), პროფესორი (1973). კ. მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1974). 1949 დაამთავრა მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნ. სახელმწ. ინ-ტის თეატრმცოდნეობის ფაკ-ტი. იმავე წლიდან იქვე დაიწყო მუშაობა დაუსწრებელი განყ-ბის მეთოდისტ-კონსულტანტად. 1954–55 მუშაობდა საქართვ. კულტურის სამინისტროს ხელოვნ. მთ. საქმეთა სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ და თეატრების სამმართველოს უფროსად, 1955–73 – საქართვ. რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის პრორექტორად სასწ. და სამეცნ. დარგში, ხოლო 1973–92 – ამავე ინ-ტის რექტორად. გ. წლების მანძილზე იყო საქართვ. თეატრის მოღვაწეთა კავშირის მდივანი და პრეზიდიუმის წევრი. 1987 აირჩიეს სსრკ თეატრის მოღვაწეთა კავშირის (მოსკოვი) მდივნად (კრიტიკისა და სოციოლოგიის დარგში) და პრეზიდიუმის წევრად, 1956 – საქართვ. მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავ-რედ. 1995-იდან იყო ვ. ჭაბუკიანის სახ. საერთაშ. ცენტრის პრეზიდენტი. 1955-იდან გ. ფართო პედ. მოღვაწეობას ეწეოდა (კითხულობდა ლექციებს, ატარებდა სემინარებს, პრაქტ. მეცადინეობებს თეატრის ისტორიაში, თეორიასა და პრაქტიკაში). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი: გამოკვლევები, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები, წერილები, რეცენზიები. მნიშვნელოვან სამეცნ. მუშაობას ეწეოდა საენციკლოპედიო სფეროში. მისი შრომები გამოირჩევა დახვეწილი სტილით, მაღალი პროფ. კულტურით. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1996).

თხზ.: კოტე მარჯანიშვილი, თბ., 1962, 1972; აკაკი ხორავა, თბ., 1962, 1979; ქართული საბჭოთა თეატრი, თბ., 1964, 1971; თეატრალური პორტრეტები, თბ., 1966; პიერ კობახიძე, თბ., 1968; ვასო გოძიაშვილი, თბ., 1972; ბესო ჟღენტი (შემდგ.), თბ., 1972; აკაკი ვასაძე, თბ., 1979; სიმართლის გზით, თბ., 1985; წარსულის ფურცლები, თბ., 1988; ვახტანგ ჭაბუკიანი, თბ., 1990; აკაკი ხორავა – 100. შემდგენელი, შესავალი წერილისა და კომენტარების ავტორი, თბ., 1997.

შ. ცუცქირიძე