გუგუშვილი თეიმურაზ აკაკის ძე (დ. 7. III. 1951, თბილისი), მომღერალი (ტენორი). საქართვ. სახ. არტისტი (1989). საქართვ. სახელმწ. (1992), ზ. ანჯაფარიძის (1998) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (2003) პრემიების ლაურეატი. 1973 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი, 1976 – ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ნ. ანდღულაძის კლასი). 1982–83 სტაჟირება გაიარა მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში", 1984 – ასპირანტურა-სტაჟირება თბილ. კონსერვატორიაში (ნ. ანდღულაძის ხელმძღვანელობით). 1977-იდან თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. აქვს ლამაზი ტემბრის სრული დიაპაზონის ხმა, დახვეწილი ვოკალური კულტურა და ტექნიკა. პარტიები: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი", „დაისი"); კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე"); ნაცარქექია (მ. დავითაშვილის „ნაცარქექია"); არზაყანი, ერთაოზი, მინდია (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება", „პირველი სიყვარული", „მინდია"); ნემორინო (გ. დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი"); გრაფი ალმავივა (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი"); ფაუსტი (შ. გუნოს „ფაუსტი"), დონ კარლოსი, ჰერცოგი, რადამესი (ჯ. ვერდის „დონ კარლოსი", „რიგოლეტო", "აიდა"); კავარადოსი (ჯ. პუჩინის „ტოსკა"); ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი"); ცრუდიმიტრი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი", კანიო (ლეონკავალოს "ჯამბაზები") და სხვ. გასტროლები გამართა ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრალიაში, მონღოლეთში, თურქეთში, იტალიაში, აშშ-ში (1988, აშშ-ის მენის შტატის ქ. საორის საოპერო კომპანიის გუნდს ქართულად შეასწავლა „აბესალომ და ეთერის" საგუნდო პარტია, რ-იც ამ გუნდმა იმავე წელს თბილ. ოპერის სცენაზე „აბესალომ და ეთერის" სპექტაკლში შეასრულა). გ. ამჟამადაც წარმატებით ეწევა სასცენო მოღვაწეობას. 2007- იდან თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და ვოკალური ფაკულტეტის დეკანია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
გ. ტორაძე