ადარნასე II

ადარნასე II, ქართველთა მეფე 888–923, ტაო-კლარჯეთის სამთავროს გამგებელი (881-იდან). ძე დავით I კურაპალატისა, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ტაოს შტოს შთამომავალი. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის გაჩაღებულ შინაფეოდ. ომში დავით I კურაპალატის დაღუპვის (881) შემდეგ სამთავროს გამგებლობა ა. II-ის ხელში გადავიდა. დავითის მკვლელმა ნასრა გვარამ მამფლის ძემ 888 აფხაზთა მეფის ბაგრატის დახმარებით სცადა ტაო-კლარჯეთის სამფლობელოების დაბრუნება, მაგრამ ა. II-მ და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს. ამ დროიდან დაიწყო ა. II-ის გაძლიერება. ბაგრატიონთა შორის მან პირველმა მიიღო „ქართველთა მეფის“ ტიტული (888, სხვა მოსაზრებით 897/899). კურაპალატი გახდა 891-იდან, რაც გურგენ კურაპალატი დაამარცხა. ა. II იბრძოდა საქართვ. გაერთიანებისათვის. მას მხარს უჭერდნენ სომხეთის (შირაკის) მეფეები. 891 ა. II სომხეთის შინაფეოდ ბრძოლაში ჩაერია და ხელი შეუწყო შირაკში სუმბატ აშოტის ძის გამეფებას. 904 ა. II-მ სუმბატის დახმარებით დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფე კონსტანტინე. შემდეგში სუმბატ სომეხთა მეფემ გაათავისუფლა კონსტანტინე, რასაც ყოფილ მოკავშირეებს შორის განხეთქილება მოჰყვა. 907 ა. II მიემხრო სომხეთში შემოჭრილ არაბთა სარდალს აბულ-კასიმს და სუმბატის წინააღმდეგ იბრძოდა. ა. II ეწეოდა კულტ.-სააღმშენებლო მოღვაწეობას; განაახლა და საეპისკოპოსო საყდრად აქცია ბანის ტაძარი.

წყარო: იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია. 786–925 წწ., ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1965; სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: თაყაიშვილი ე., სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, თბ., 1949 (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 27); ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 2).

ნ. შოშიაშვილი