გურჯი მეჰმედ-ფაშა, საჭურისი (1536 – 13. VII. 1626, სტამბოლი), ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, კაიმაკამი (დიდი ვეზირის მოვალეობის შემსრულებელი), დიდი ვეზირი. ეროვნებით ქართველი.
ახალგაზრდობისას დაატყვევეს და ოსმალეთში მონად გაყიდეს. სულეიმან I-ის მეფობის ბოლო წლებში დიდმა ვეზირმა სემიზ ალი-ფაშამ თავისი თეთრი საჭურისი მონა გ. მ.-ფ. სასახლეში მიიყვანა. იგი მალე დაწინაურდა: ჯერ სასახლის თეთრკანიანი მონების უფროსად დანიშნეს, შემდეგ სახასო ოდაბაშის თანამდებობა უბოძეს, რითაც იგი სულთნის უახლოესი პირი გახდა. 1604 წ. 17 სექტ. მესამე ვეზირის წოდება მიიღო, რამდენიმე დღეში კი ეგვიპტის ვალად (გამგებლად) დაინიშნა, სადაც აჯანყებულების დასჯა და წესრიგის დამყარება მოუხდა. 1605–08 ბოსნიის, 1608–09 კი დამასკის ვალი იყო, 1610 წ. 24 მაისს კაიმაკამად დანიშნეს.
1612 არზრუმის ვალის თანამდებობა მიიღო, მაგრამ სტამბოლში დარჩა და 1613 სულთნის ქ. ედირნეში გამგზავრებასთან დაკავშირებით ისევ კაიმაკამობა დაევალა. სწორედ ამ პერიოდში შაჰ-აბასმა დაარღვია 1612 საზავო ხელშეკრულება და საქართველო დალაშქრა. ქართლ-კახეთის მეფეებმა დახმარებისათვის სულთანს მიმართეს, თავიანთი ელჩები სტამბოლში გაგზავნეს და სულთანს შაჰის საქართველოზე თავდასხმა შეატყობინეს. სავარაუდოა, რომ სტამბოლში ჩასულმა ქართველებმა დიდი გავლენის მქონე გ. მ.-ფ-ს დახმარება სთხოვეს. სულთანმა ირანს ზავის პირობების დარღვევა დააბრალა და 1615 ირანის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. დიდი ვეზირის მოვალეობის შესრულება კვლავ გ. მ.-ფ-ს დაევალა.
1617 სულთან აჰმედ I-ის სიკვდილის შემდეგ, ოსმალეთში სასახლის კარზე რამდენიმე გადატრიალება მოხდა. ბოლოს, სულთან მუსტაფა I-ის ზეობის დროს (1617–18, 1622–23), დიდ ვეზირად დაინიშნა (1622 წ. 21 სექტ.) გ. მ.-ფ., რ-საც სახელმწ. საქმეების გაძღოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მან გადამწყვეტი ზომები მიიღო სახელმწიფოში წესრიგის დასამყარებლად, ფულის კურსის განსამტკიცებლად, ალაგმა ზაპოროჟიელ კაზაკთა თავდასხმები. სწორედ მისი დიდების დროს უნდა ჩასულიყო სტამბოლში თეიმურაზ I დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მძიმე საშინაო პირობების გამო ოსმალეთმა ვერ შეძლო მისი დახმარება.
სასახლის დიდ მოხელეთა ერთი ნაწილისა და იენიჩართა მოთხოვნით, რ-თაც არ მოსწონდათ გ. მ.-ფ-ს მოღვაწეობა, იგი გადააყენეს და კ. როდოსზე გაგზავნეს. 14 წლის მურად IV-ის გამეფების შემდეგ კი უკან დააბრუნეს და მეორე ვეზირად დანიშნეს. მალე დიდი ვეზირი ჩერქეზ მეჰმედ-ფაშა ანატოლიაში წავიდა და მისი მოვალეობის შემსრულებლად კვლავ გ. მ.-ფ. დანიშნეს (1624 წ. 28 მაისი). სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქართველების აჯანყება გ. სააკაძის მეთაურობით ირანელთა წინააღმდეგ; 1625 ქართველთა დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა დახმარების სათხოვნელად. ცხადია, ქართველები გ. მ.-ფ-ს მიმართავდნენ, რადგან მურად IV მცირეწლოვანი იყო. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა, რასაც ადასტურებს მურად IV-ის მიერ დიდი მოურავის სახელზე გაცემული სიგელი.
გ. მ.-ფ-ს მოღვაწეობა არ მოსწონდათ გარკვეულ ძალებს, განსაკუთრებით იენიჩრებს, რ-ებიც აჯანყდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 90 წლის ვეზირი სიკვდილით დასაჯეს. ოსმ. და ევრ. წყაროები ერთხმად აღიარებენ, რომ გ. მ.-ფ. იყო ჭკვიანი, ღირსეული, ენერგიული და მტკიცე ნებისყოფის ადამიანი. მუსტაფა ნაიმა წერს: გ. მ.-ფ. „კაიმაკამობისას ბედნიერების დედაქალაქს დიდხანს სრული დამოუკიდებლობით, სიძლიერით და დიდებით მართავდა. იყო გონიერი, მტკიცე ნების, ღირსეული ვეზირი". პოლ. ელჩი კ. ბრაჟევსკი წერდა: „საერთო აზრით იგი იყო არაჩვეულებრივად ჭკვიანი ადამიანი".
გ. მ.-ფ-ს ძმა იყო არზრუმის ბეგლარბეგი გურჯი ჰუსეინ-ფაშა, მისი სიძე – აბაზა მეჰმედ-ფაშა.
წყარო: იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1964; მუსტაფა ნაიმას ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თარგმ. ნ. შენგელიასი, თბ., 1979.
ლიტ.: ს ვ ა ნ ი ძ ე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII სს., თბ., 1971; სვანიძე ა., სვანიძე მ., ქართული წარმოშობის დიდი ვეზირები ოსმალეთში [გურჯი მეჰმედ-ფაშა (საჭურისი)], «ხიდი», 1996, 20 ივლ. და 31 აგვ.
მ. სვანიძე