გრუზინსკი (ბაგრატიონი) იოანე გრიგოლის ძე (24. VI. 1826, პეტერბურგი, – 15. IX. 1880, იქვე), თავადი, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე. დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი (1847). კამერ-პაჟის რანგით ჩაირიცხა კავალერგარდის პოლკში, სადაც ერთ წელიწადს მსახურობდა. XIX ს. 60-იან წლებში ცხოვრობდა დას. ევრ. ქვეყნებში. დაახლოებული იყო რუს მწერალ ა. გერცენთან. აქვეყნებდა სტატიებს ლონდონსა და ჟენევაში გამომავალ გაზ. „კოლოკოლში", რ-ის გამოცემაში მას მატერ. წვლილი შეჰქონდა. თავი მოუყარა ძვ. ქართულ ხელნაწერებს, მხატვრული ჭედურობის ნიმუშებსა და ისტ. რელიკვიებს. იყო პეტერბურგში არსებული „ინგლისური კლუბის" წევრი. მას, როგორც სამეფო სახლის უფროსს, პლატონ იოსელიანმა მიუძღვნა „ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა". გ-მ თავის კოლექციაში თავმოყრილი ხელნაწერების ფონდი საჩუქრად გადასცა პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკას. მფარველობდა პეტერბურგში მცხოვრებ ქართველებს. ვინაიდან შვილი არ ჰყავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის ლეგიტიმური უფლება გადავიდა მის ბიძაშვილზე – დ. გრუზინსკიზე.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ნ., გრიგოლ I – უკანასკნელი ქართველი მეფე, თბ., 2008; Дворянские роды Российской империи, т. 3. Князья. Руководители авторского коллектива П. Гребельский и С. Думин, под ред. С. Думина, М., 1996.
ნ. ჯავახიშვილი