იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-სახლ-მუზეუმი (საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი), ბეჭდური პროდუქციის უნიკალური საცავი, გაიხსნა 1969 წ. 28 აპრ. თბილისში (მის.: ალგეთის ქ. №1). ფონდი შეაგროვა გ-მა 1904–63 და უსასყიდლოდ გადასცა აკად. ბ-კას 1957. ფონდში 100 ათ. დაცვითი ერთეულია, მ. შ.: 45 ათ. წიგნი, აგრეთვე ნოტები, ფოტომასალა, პერიოდიკა და სხვ. წიგნებს შორის არის 100 იშვიათი გამოცემა (ცენზურის მიერ აკრძალული აკაკის „ჩემი ნაწერების" II წიგნი, 1908 წ. ალმანახი „ნიავი" და სხვ.). მთლიანად წარმოდგენილია ძვ. თბილისის ე. წ. „ქალაქური ლიტერატურა", ვეფხისტყაოსნის 1712– 1963 გამოცემები, რუს მწერალთა სიცოცხლეშივე გამოცემული წიგნები ავტოგრაფებით და სხვ. ფონდი დამუშავებულია (4 ტომად დაგეგმილია ბეჭდვითი კატალოგი. გამოშვებულია I ტ. – ქართ. წიგნების კატალოგი 3 ნაწილად; II ტომის პირველი ნაწილი – ქართ. ჟურნალ-გაზეთების კატალოგი, III ტომის I ნაწილი – რუს. წიგნები). სახლ-მუზეუმი მოთავსებული იყო პოეტის ძვ. სახლში (აშენდა 1889 ხარფუხში). 1955 ეს სახლი დაინგრა და მის ადგილზე აშენდა ახ. შენობა (არქიტ. ო. კანდელაკი). წიგნსაცავს უჭირავს მეორე და მესამე სართულები. სამუზეუმო მასალა გამოფენილია მეორე სართულის ორ დარბაზში (ექსპოზიციის ავტორები არიან ა. ჯავახიშვილი, ს. ბოლქვაძე, ა. ვარაზი, გ. რუსეიშვილი).
ნ. გრიგორაშვილი