გრიგოლია გურამ კონსტანტინეს ძე (13. III. 1932, თბილისი, - 25. VI. 2020, იქვე), ისტორიკოსი, არქეოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1994). 1955 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1956–77 მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. ინ-ტში, 1977–82 – საქართვ. მეცნ. აკად. არქეოლოგიური კვლევის ცენტრში. 1984-იდან არის თსუ-ის ლექტორი, 1992–2006 – ამავე უნ-ტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი, ხოლო 2007-იდან – თსუ-ის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკ-ტის არქეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. სადაზვერვო მუშაობის შედეგად გამოავლინა მრავალი სხვადასხვა ხასიათისა და პერიოდის არქეოლ. ძეგლი. მისი მონაწილეობით გაითხარა ბრილის სამაროვანი (1952–53); ხოვლეგორა (1955–57); წოფის (1957–58), წონისა და ჯრუჭულის (1958–63), ქვაჭარისა და სვანთა სავანის (1958–65) მღვიმეები; ენგურის ხეობის ძეგლები (1963–71); ხორშის ნეოლითური ნამოსახლარი (1966–81) და სხვ. გ-ს გამოკვლევები ძირითადად ეძღვნება პირველყოფილი საზ-ბის ისტორიისა და ანტ. ხანის საისტ. გეოგრაფიის პრობლემებს.
თხზ.: ქვემო ქართლის პალეოლითი, თბ., 1963; ცენტრალური (პალური) კოლხეთის ნეოლითი, თბ., 1977; საქართველოს არქეოლოგიისა და საისტორიო გეოგრაფიის აქტუალური პრობლემები, თბ., 1992; ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, თბ., 1994.
ბ. ჯორბენაძე