გრიგოლია ვლადიმერ (ლადო) დავითის ძე [15 (28). VIII. 1903, სოფ. სეფიეთი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 11. I. 1977, თბილისი], გრაფიკოსი და მოქანდაკე. საქართვ. სახ. მხატვარი (1969). შოთა რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (1973). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1930), იყო ი. შარლემანისა და ი. ნიკოლაძის მოწაფე. 1933-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1947-იდან – პროფესორი). იყო „ქართველ ხელოვანთა საზოგადოებისა " (1928–29) და მხატვართა გაერთიანება „სარმას" წევრი (1930–32). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1928-იდან, 1920–30 წლებში გ. ძირითადად მუშაობდა როგორც მოქანდაკე. შექმნა კამერული ქანდაკებები: „სამშობლო" (1928, გამომწვარი თიხა აღმდგენი ჭიქურით), „ქალიშვილის თავი" (1928, ტონირებული თიხა), „ქართველი ქალი" (1928, კერამიკა, ჭიქური), შოთა რუსთაველის ძეგლის პროექტი (1936, სანთელი, შ. მიქატაძესთან ერთად). 1932-იდან მუშაობდა გრაფიკაში. გ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართ. წიგნის სამკაულისა და შრიფტის შექმნაში. ძვ. ქართ. ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნის დეკორის საფუძველზე შექმნა წიგნის მორთულობის ახ. კომპოზიციები (თავსართები, ბოლოსართები, თავსამკაული ასოები და სხვ.). დაამუშავა ქართ. შრიფტის ახ. ვარიანტები. გ-ს ფუნდამენტური ნაშრომები: „ქართული აკადემიური შრიფტი და მისი 396 ვარიაციის სისტემა" და „მხატვრული შრიფტი და მისი შექმნის ხერხები" შეადგენს ქართ. თანამედროვე შრიფტის გრაფ. სახეების შექმნისა და კანონიზაციის თეორ. საფუძველს. ეს ნაშრომები საფუძვლად დაედო თბილ. სამხატვრო აკადემიაში შრიფტის სწავლების დისციპლინას. 1989 გამოვიდა გ-ს წიგნი „დაზგური და წიგნის გრაფიკა". გააფორმა 100-ზე მეტი წიგნი, მ. შ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (1974–87). მისი ნამუშევრები გამოირჩევა კომპოზ. სიმკაცრით, ასოების მოხაზულობის ჰარმონიულობითა და სილამაზით, შინაარსის მხატვრული შესაბამისობით. ხელმძღვანელობდა მხატვართა ჯგუფს, რ-მაც შეასრულა მოსკოვში ქართ. ხელოვნ. დეკადისთვის პლაკატები და აფიშები (1958), რ-საც ეტაპური მნიშვნელობა აქვთ ამ დარგის განვითარებისათვის. გააფორმა „ვეფხისტყაოსნის" (1937), ა. წერეთლის (1940), ნ. ბარათაშვილის (1945) საიუბილეო გამოცემები, ვაჟაფშაველას თხზულებები (1957), კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა" (1953), გ. ტაბიძის ლექსების კრებული (1959), ქართ. პოეზიის ანთოლოგია ინგლ. ენაზე (1958) და სხვ. შექმნილი აქვს ისტ. პირთა, მწერალთა და საზ. მოღვაწეთა (გიორგი სააკაძე, 1938; გ. ორბელიანი, 1943, ორივე საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი) პორტრეტები, საგამომცემლო გერბები, მარკები, საიუბილეო პლაკატები, აფიშები. იყო ექსლიბრისის საერთაშ. გამოფენის ლაურეატი (1934, ლოს-ანჯელესი, აშშ). მის საცხოვრებელ სახლში (კ. ქუთათელაძის ქუჩა, 4) არის მხატვრის სახელოსნო, სადაც ინახება ხელოვნის არქივი და საინტერესო შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რ-საც თავი მოუყარა მხატვრის მეუღლემ ი. დივნოგორცევა- გრიგოლიამ.
მ. კარბელაშვილი