გრაბარი იგორ ემანუილის ძე

გრაბარი იგორ ემანუილის ძე (25. VII. 1871, ბუდაპეშტი, – 16. V. 1960, მოსკოვი), რუსი ფერმწერი და ხელოვნებათმცოდნე. სსრკ სახ. მხატვარი (1956), სსრკ მეცნ. აკად. (1943) და სსრკ სამხატვრო აკად. (1947) ნამდვილი წევრი. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1941). სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიასა (1894– 96) და მიუნხენის ა. აჟბეს სკოლაში (1896–98). მრავალჯერ იმოგზაურა ევროპაში, იყო აშშ-ში, ეგვიპტესა და თურქეთში. 1889-იდან მუშაობდა პეტერბურგში, 1903-იდან – მოსკოვში. იყო გაერთიანება "მირ ისკუსტვასა" და რუს მხატვართა კავშირის წევრი. გ-მა იმპრესიონისტ მხატვართა შემოქმედების გადამუშავების საფუძველზე 1901–08 შექმნა საკუთარი ფერწერული სტილი. ამავე პერიოდის ნატურმორტებში გ. ცდილობდა ნეოიმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელი ფერწერული ხერხებით გადმოეცა განათების მრავალფეროვნება, განწყობილება („ქრიზანთემები", 1905, „აულაგებელი მაგიდა", 1907, ორივე – ტრეტიაკოვის გალერეა). გ-ის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გამოიცა „რუსული ხელოვნების ისტორია" (ტ. 1–6, 1909–16). ხელოვნების შესწავლისას გ. ეყრდნობოდა შედარებით მეთოდს. 1913–25 ხელმძღვანელობდა ტრეტიაკოვის გალერეას. იყო ხელოვნ. ძეგლთა და სიძველეთა დაცვის, აგრეთვე მუზეუმთმცოდნეობისა და სარესტავრაციო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1941–42 ცხოვრობდა საქართველოში, თბილისში ეწეოდა აქტ. შემოქმედებით მოღვაწეობას. შექმნა ქართვ. ხელოვნ. მოღვაწეთა – მედეა ჯაფარიძის (1942), ნატო ვაჩნაძის (1942), ალექსანდრა თოიძის (1942), მარინე იაშვილის (1942), ნ. კანდელაკის (1943) – პორტრეტები (ყველა – საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.