გოკიელი გია ვახტანგის ძე (დ. 7.I. 1941, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1982), საქართვ. მედ. მეცნ. აკად. წევრი (1994). 1964 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1981–88 იყო ამავე ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრის პროფესორი, 1988–2002 – ქირურგ. სნეულებათა კათედრის გამგე, 1986–90 – ქალაქის მთ. ქირურგი, 1990–96 – კ. ერისთავის სახ. ქირურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი, 2002-იდან საქართვ. სახელმწ. სამედ. აკად. გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნ.-პედ. ცენტრის ხელმძღვანელია. გ. შეისწავლის გულმკერდისა და მუცლის ღრუს ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის, 2 გამოგონებისა და 5 სასარგებლო მოდელის. გამოქვეყნებული მონოგრაფიისთვის „მიოკარდიუმის მწვავე იშემია და გულის გადანერგვა", მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1989). გ. არის ჟურნ. „კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის" დამფუძნებელი და რედაქტორი (1991-იდან). 1993 დააფუძნა ასევე საზ. ორგანიზაცია – ქირურგიის საქველმოქმედო ფონდი. დაჯილდოებულია აკად. გ. მუხაძის სამახსოვრო მედლით (1981) და ღირსების ორდენით (1999).
თხზ.: მკურნალობის ოპერაციული მეთოდის მნიშვნელობა კუჭის კიბოს დროს, თბ., 1971; ზოგიერთი ახალი მეთოდის დანერგვა მწვავე პერიტონიტების მკურნალობაში, თბ., 1988; მუცლის ღრუს ჭრილობები, თბ., 2003.