გოკიელი ფატი (ფატმან) გაბრიელის ასული [12 (25). VII. 1903, ქუთაისი, – 3. XII. 1973, თბილისი], ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1948). დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1924). ამზადებდნენ საპროფესოროდ, რისთვისაც იმავე წელს დატოვეს თსუ-ში იურიდ. განხრით ( ხელმძღვ. ლ. ანდრონიკაშვილი ). 1927 დაატოვებინეს უნ-ტი, რადგანაც უარი თქვა ლ. ანდრონიკაშვილის გაკრიტიკებაზე. 1938 ისევ თსუ-ის ასპირანტია, ამჯერად დას. ევროპის ლიტ-რის სპეციალობით. პირველი თარგმანი 1928 გამოაქვეყნა. იკვლევდა ფრანგ.- ქართულ და რუს.-ქართულ კულტ.- ლიტ. ურთიერთობების ისტორიას. კითხულობდა ლექციებს კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრთან არსებულ დრამ. სტუდიაში, ქუთაისის პედ. ინ-ტში, თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა ინ-ტში, თბილ. პედ. ინ-ტში. 1946–49 იყო ქუთ. პედ. ინ-ტის უცხო ენების კათედრის გამგე და ფაკ-ტის დეკანი. მის ნაშრომთაგან აღსანიშნავია „ბელინსკი და დასავლეთის რომანტიზმი" (1958), „XIX საუკუნის ქართული პრესა და საფრანგეთის პროგრესული პუბლიცისტიკა" (1961), „შუა საუკუნეების ფრანგული სოციალურ-პატრიოტული პოეზია" (1962). თარგმნა ჰაინრიხ დერნბურგის „პანდექტების" ზოგადი ნაწილი (1928) და მოლიერის „ძალად ექიმი" (1936). დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
დ. თევზაძე