გოგოლაშვილი რობერტ ალექსანდრეს ძე

გოგოლაშვილი რობერტ ალექსანდრეს ძე (დ. 30. VII. 1939, სოფ. კურსები, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი), მომღერალი, ლოტბარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983).

1969 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია ვოკალის განხრით (ხელმძღვ. შ. ქუთათელაძე).

მღეროდა სხვადასხვა ხალხ. ანსამბლში. 1976-იდან ძირითადად მოღვაწეობს როგორც ლოტბარი, დირიჟორი, ხალხ. ანსამბლების დაარსების ინიციატორი და ხელმძღვანელი. წარმატებით უძღვებოდა საქართვ. მეცნ. აკად. ხალხ. სიმღერის ანსამბლ „ფაზისს " (1976–83), ვაჟთა ვოკალურ ანსამბლებს: „თბილისს" (1980-იდან 30 წლის მანძილზე), „ქართულ ხმებს" (1992-იდან, დაარსდა 1985 „ჟურნალისტის" სახელწოდებით), „უნივერსიტეტს " (1998–2007). ხალხ. სიმღერის ანსამბლ „იმერს" (2006-იდან). ამ ანსამბლების რეპერტუარი მოიცავს უძველეს ქართ. ხალხ. სიმღერებსა და საგალობლებს, ქართ. ქალაქურ სიმღერებს, ქართვ. კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებებსა და სასიმღერო შემოქმედებას. ანსამბლებთან ერთად გ-მა სხვადასხვა დროს წარმატებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა (გამოსულია ფირფიტაგიგანტი, აუდიოკასეტები და კომპაქტდისკები).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).