გურგულია ინოლა ლუკას ასული (25. VII. 1929, თბილისი, – 24. XI. 1977, იქვე), საესტრადო მომღერალი, ფილოლოგი, პედაგოგი. 1952 დაამთავრა თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი, ამავე წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. გ. დარახველიძესა და მ. სიხარულიძესთან ერთად ინ-ტში დააარსა ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო (შემდგომში „სამაია"), რ-იც ასრულებდა გ-ს მიერ (ხშირად მისსავე ლექსებზე) დაწერილ სიმღერებს. ტრიოს შესრულება გამოირჩეოდა ნატიფი ლირიზმით, განცდის უშუალობით. განსაკუთრებით გამორჩეული სიმღერებია: „ღიმილი მინდა", „უშენოდ", „დარჩი ჩემთან", „ნურაფერს მეტყვი", „თვალებს რატომ მარიდებ", „მადლობელი ვარ"; საბავშვო სიმღერები „გვირილა", „კარუსელი", „საქანელა" და სხვ. 1986 გამოვიდა გ-ს ლექსებისა და თარგმანების კრებული „ღიმილი მინდა", რ-შიც შეტანილია ჯ. ბაირონის, უ. სკოტის, პ. ბ. შელის, ტ. მურის, ე. პოს, ჰ. ლონგფელოს, რ. კიპლინგისა და სხვ. ნაწარმოებების თარგმანები. გ-მ ღრმა კვალი დატოვა ქართ. სასიმღერო ჟანრში და ახ. ნაკადი შეიტანა აკორდული მღერის სტილის სახით, რ-იც თავისი არსით, ძირითადად, ქართ. ხალხ. და, ნაწილობრივ, ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობს. ამის საფუძველზე მოხდა ავთენტიკური მუს. ფოლკლორის სააზროვნო პრინციპების ერთგვარი შერწყმა საესტრადო შემსრულებლობასთან. სიმღერის ეს მანერა აიტაცეს და გაითავისეს მომდევნო თაობების მომღერლებმა. გ. მღეროდა ფილმებში: „დღე პირველი – დღე უკანასკნელი", „დედის ხელი", „რეკორდი". გამოსულია კომპაქტდისკი „...პირველად იყო სიმღერა" 1999, სიმღერების სანოტო კრებულები „ჩემი სიმღერები" 2004, 2009.
ე. გარაყანიძე