გოცირიძე არკადი ფილიპეს ძე [11(23). XI. 1890, სოფ. წესი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 24. II. 1954, თბილისი], ფსიქიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1941), პროფესორი (1941), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946). 1915 დაამთავრა კიევის უნ-ტის სამედიცინო ფაკ-ტი. 1931–36 იყო თბილ. ფუნქციურ ნერვულ დაავადებათა ინ-ტის დირექტორი, 1934–54 განაგებდა თბილ. სამედიცინო ინ-ტის ფსიქიატრიის კათედრას. იკვლევდა ბავშვთა ფსიქიატრიის საკითხებს, ნევროზებს, ფუნქციურ ნერვულ დაავადებებს, ფსიქოთერაპიის პრობლემებსა და სხვ. გ-მ შეიმუშავა მკურნალობის მეთოდი, რ-იც „გოცირიძის სიმპტომის" სახელით არის შესული ფსიქიატრიულ ენციკლოპედიაში. გ-ის სახელი მინიჭებული აქვს თბილ. ფსიქონევროლოგიურ დისპანსერსა და მის კოჯრის სტაციონარს.
თხზ.: Katharsis-ი ფსიქოთერაპიაში, ტფ., 1929; ძნელი ბავშვები, ტფ., 1935; ბავშვის თამაში, ტფ., 1936.