გოცირიძე ილარიონ დავითის ძე 

 

ი. გოცირიძე

 გოცირიძე ილარიონ დავითის ძე [3(15). I. 1897, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 22. III. 1968, მოსკოვი], მშენებელი ინჟინერი. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1947). 1929 დაამთავრა მოსკ. საინჟ.- სატრანსპ. ინ-ტი. 1929–33 მუშაობდა შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის რკინიგზების მშენებლობაზე; 1933-იდან – მოსკ. მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, თავდაპირველად უბნის, შემდეგ – შახტის უფროსად. მისი ხელმძღვანელობით ააშენეს სადგურები «Красные ворота» და «Площадь Маяковского». 1937–38 იყო "მოსმრეწვმშენის" ტრესტის მმართველი, 1939-იდან – მოსკ. მეტრომშენის უფროსი, 1941–53 – სსრკ მიმოსვლის გზათა სახ. კომისრის (შემდეგ მინისტრის) მოადგილე, 1954–62 – სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის მინისტრის მოადგილე. II მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში გ-ის ხელმძღვანელობით აღადგინეს და ააგეს მრავალი სარკინიგზო კომუნიკაცია. დიდია გ-ის ღვაწლი თბილ. მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების საქმეში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.