გოცირიძე ლეილა მიხეილის ასული

 

ლ. გოცირიძე

გოცირიძე ლეილა მიხეილის ასული (13. III. 1924, თბილისი, – 30. XI. 1998, მოსკოვი), მომღერალი (მეცო-სოპრანო). საქართვ. სახ. არტისტი (1958). 1947 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი). 1948–72 იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შექმნა მრავალი შთამბეჭდავი ვოკალურ-სცენური სახე: ლატავრა (ზ. ფალიაშვილის „ლატავრა"), დარეჯანი (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი"), დედა (შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა"), პოლინა (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი"), აზუჩენა, ამნერისი (ჯ. ვერდის „ტრუბადური", „აიდა"), კარმენი (ჟ. ბიზეს „კარმენი") და სხვ. გ-ს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, ძლიერი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. მისი ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო მაღალი ვოკალურ-სცენური კულტურა, დახვეწილი პროფესიონალიზმი. წარმატებით გამოდიოდა კამერულ კონცერტებზე. 1980-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიასა და შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში.

მ. გედევანიშვილი