გოცირიძე ნიკოლოზ (ნიკო) სიმონის ძე (16. II. 1872, თბილისი, – 30. VII. 1949, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1924). ეს წოდება მიენიჭა ერთ-ერთ პირველს ვ. აბაშიძისა და ვ. სარაჯიშვილის შემდეგ. 1893–1921 მუშაობდა მღებავად რკინიგზის დეპოში (თბილისი), იმავდროულად მოღვაწეობდა ავჭალის აუდიტორიაში , შემდეგ – თბილ. სახალხო სახლში. 1921 მიიწვიეს შოთა რუსთაველის სახ. თეატრში, 1930 – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში. გ. იყო ქართ. თეატრის თვალსაჩინო მოღვაწე. გამოირჩეოდა დიდი კომედიური ნიჭით, სცენური მომხიბვლელობით. განსაკუთრებით გაითქვა სახელი ვაჭარ-ხელოსანთა ტიპების განსახიერებით. მნიშვნელოვანი როლები: აკოფა, მაზუთიანი (ა. ცაგარლის „ხანუმა", „ციმბირელი"), გეურქა (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში"), არშაკი (ნ. შიუკაშვილის „ამერიკელი ძია"), გიქო, გიჟმოზე (გ. სუნდუკიანის „პეპო", „დაქცეული ოჯახი"), ოსიპი (ნ. გოგოლის „რევიზორი"), კოსტილევი (მ. გორკის „ფსკერზე"), პოლონიუსი (უ. შექსპირის „ჰამლეტი"), ჟურდენი, ორგონი (მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო", „ტარტიუფი") და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
თხზ.: მოგონებანი, თბ., 1949.
ლიტ.: ბ უ ხ ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი გ., ნიკო გოცირიძე, თბ., 1972; გ რ ი შ ა შ ვ ი ლ ი ი., ნიკო გოცირიძე, ტფ., 1934.
გ. ბუხნიკაშვილი