გორდელაძე შალვა გიორგის ძე 

 

შ. გორდელაძე

გორდელაძე შალვა გიორგის ძე, (20. X. 1905, სოფ. ხვარბეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 12. I. 1973, კიევი), ასტროფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1965). 1936–40 იყო აბასთუმნის ასტროფიზ. ობსერვ. დირექტორის მოადგილე, 1940–73 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა კიევის უნ-ტსა და პოლიტექ. ინ-ტში. იკვლევდა ახ. ვარსკვლავების ატმოსფეროში იონიზაციას, ტემპ-რის ცვლილებებს ანთებამდე და ანთების შემდეგ, აგრეთვე ანთების პროცესში სხვადასხვა სახით გამოყოფილ ენერგიას. პირველმა განსაზღვრა ახ. ვარსკვლავის აფეთქების შედეგად ამოფრქვეული ნივთიერების მასა. ვ. ამბარცუმიანთან ერთად ჩამოაყალიბა ახ. თვალსაზრისი გალაქტიკაში ვარსკვლავთშორისი შთანთქმის დისკრეტულობის შესახებ. უკრაინის მეცნ. აკად. მთავარ ასტრონ. ობსერვატორიაში მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოიცა 28000 მკრთალი ვარსკვლავის ფოტომეტრიული მონაცემების კატალოგი. ავტორია მრავალი სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. ნაშრომისა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.