გორდეზიანი იასონ დავითის ძე (1876, სოფ. საკაო, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 1960, ბათუმი), აგრონომი და მებაღე-დეკორატორი. აგრონომიული განათლება მიიღო თბილისის სას.-სამ. სკოლაში 1889–93. 1894–1909 საქართვ. სხვადასხვა მხარეში ხელმძღვანელობდა ხეხილის სანერგეებისა და ბაღების, ბაღ-პარკების გაშენებას. 1909–11 დეკორ. მებაღეობისა და მწვანე მშენებლობის სპეციალობით სწავლობდა ვერსალის ეროვნ. სას.-სამ. ინ-ტში (საფრანგეთი), შემდეგ მუშაობდა საფრანგეთში და შვეიცარიაში; ერთხანს იყო კიუს სამეფო ბოტან. ბაღის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომელი. 1913 მიიწვიეს ახლად დაარსებულ ბათუმის ბოტან. ბაღში სამუშაოდ. 1914–17 იყო ამ ბაღის აღმასრულებელი დირექტორი. მისი უშუალო მონაწილეობით გაშენდა ბოტან. ბაღის ძირითადი კოლექციები. გ., კრასნოვთან ერთად, არის ბათუმის ბოტან. ბაღის დამაარსებელი.
ლიტ.: გ ა გ ნ ი ძ ე რ., იასონ გორდეზიანი – დავიწყებული გამორჩეული დეკორატორი, აგრონომი და ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი გამშენებელი, კრ.: მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის ნარკვევები, 46–47, თბ., 2009.
ჯ. ჩიკვილაძე