გორგაძე ანთიმოზ მიხეილის ძე

გორგაძე ანთიმოზ მიხეილის ძე (2. VII. 1924, ქუთაისი, – 2. I. 1970, თბილისი), მოქანდაკე, გრაფიკოსი, ოქრომჭედელი. საქართვ. დამს. მხატვარი (1962). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1947, ი. ნიკოლაძის კლასი). 1948-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. გ. ქართ. რელიეფური ქანდაკების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ნამუშევრები: „რუსთავი" (1954, ტონირებული თაბაშირი, რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), „ჭაბუკის პორტრეტი" (1956), „მამაკაცის პორტრეტი" (1957 ორივე საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი). მისი ნამუშევრები გამოირჩევა დახვეწილი კომპოზიციითა და ამაღლებული განწყობით. ავტორია სკულპტურული ფიგურებისა: „ჩამომსხმელი" (1950, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი), „მეშახტე ბოტკოველი" (1951, ტონირებული თაბაშირი, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი); შესრულებული აქვს გრაფ. სერიები: „ჩეხოსლოვაკია", „ეგვიპტე", „თურქეთი" (მხატვრის კუთვნილება), სპორტისა და თეატრის თემებზე შექმნილი კომპოზიციები. გ. წარმატებით მუშაობდა ჭედურ ხელოვნებაშიც.

გ. მასხარაშვილი