გომელაური ზაქარია (შაქრო) ნიკოლოზის ძე [17 (29). XI. 1890, თბილისი, – 10. VII. 1964, იქვე], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1950). დაამთავრა თბილ. საქალაქო სასწავლებელი (1904). მონაწილეობდა ავლაბრის მუშათა თეატრის სპექტაკლებში. 1910 ვ. გუნიამ მიიწვია თბილ. პროფ. დასში. 1912–13 სწავლობდა თბილ. დრამ. სტუდიაში. მუშაობდა თბილ. (1910–16, 1919–22, 1924–28), ქუთ. (1916–18), ბათუმის (1922–24) თეატრებში. 1928-იდან იყო თბილისის, კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებული თეატრის მსახიობი (ამჟამად კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. დრამ. თეატრი). გ-მა შექმნა მრავალი საინტერესო სახე, რ-თა შორის აღსანიშნავია: ერეკლე (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ვილჰელმ კილმანი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), ვურმი და ბერლეი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"; "მარიამ სტიუარტი"), პეპია ("ჩატეხილი ხიდი", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), რინკველი და პარასკიდი (შ. დადიანის "კაკალ გულში"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), კოკორიშკინი (ლ. ლეონოვის "შემოსევა"), კომისარი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), სპირიდონ მცირიშვილი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), რაევსკი (ვ. კირშონის "პური"), ნაპოლეონი (ვ. სარდუს "მადამ სან- ჟენი"), გიგო და პროფ. მინდელი (ვ. გაბესკირიას "უფსკრულთან"; "მათი ამბავი"), ტარტიუფი (ჟ. ბ. მოლიერის "ტარტიუფი"), ჟორჟ დიუვალი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), გრაფი ალმავივა (პ. ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება") და სხვ. სახელი მოიხვეჭა სახასიათო როლების შესრულებით. მისი გმირები გამოირჩეოდნენ სიწრფელითა და სისადავით, მკაფიო ინდივიდუალობით. გადაღებულია ფილმებში "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "მამლუქი" (1958) და სხვ. II მსოფლიო ომის დროს ჰოსპიტლებსა და ფრონტის ხაზზე 300-ზე მეტი საშეფო კონცერტი გამართა მსახიობთა ბრიგადამ, რ-საც გ. ხელმძღვანელობდა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ა. გვენცაძე