გომელაური ივანე მიხეილის ძე [10 (22). IX. 1867, სოფ. მირზაანი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 8. XI. 1951, თბილისი], პედაგოგი, საზ. მოღვაწე და მწერალი. დაამთავრა სიღნაღის საქალაქო სასწავლებელი (1885), შემდეგ – თბილ. სამასწავლებლო ინ-ტი (1890). მასწავლებლობდა ოზურგეთში, ზუგდიდში, სოფ. ტირძნისში (გორის მუნიციპალიტეტი), თბილ. ქართ. გიმნაზიაში, ძველ სენაკში, წინამძღვრიანთკარში, ბაქოში და სხვ. ასწავლიდა ქართ. ენას თბილ. ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში (ახლანდ. ილიას სახელმწ. უნ-ტი). მის სახელმძღვანელოს „სკოლებში შესასწავლი ქართველი მწერლები" (წგ. I, 1906; წგ. II, 1911; წგ. III, 1920) იყენებდნენ საშ. სასწავლებლებში 1906–26. თანამშრომლობდა ქართ. ჟურნალ-გაზეთებთან („ივერია", „კვალი", „განათლება" და სხვ.). იყო ჭიათურის დრამ. საზ-ბისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ჭიათურის ფილიალის აქტ. წევრი. თარგმნა ვ. კოროლენკოს, ა. ჩეხოვისა და გ. ჰაუპტმანის თხზულებები.
თხზ.: იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი, წგ.: იაკობ გოგებაშვილი. საიუბილეო კრებული, თბ., 1940.
ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, წგ. 1, თბ., 1953; ქაჯაია ვ., ივანე გომელაური, თბ., 1947.
ნ. ალანია