გომელაური ნიკო (ნიკოლოზ) გიორგის ძე (12. VII. 1970, თბილისი, – 13. IV. 2010, იქვე), მსახიობი, პოეტი. 1992 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. იყო თავისუფალი თეატრისა და ა. გრიბოედოვის სახ. რუსული დრამ. თეატრის წამყვანი მსახიობი. თავისუფალ თეატრში მონაწილეობდა შემდეგ სპექტაკლებში: "კომედიანტები", "ძმები", "იდიოტოკრატია", "კავკასიური ცარცის წრე", "ჰამლეტი", "ჯინსების თაობა", "ტელემისტერია", "ბავშვის თვალებით", "ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები" და სხვ.; ა. გრიბოედოვის სახ. თეატრში: "მე, ბულატ ოკუჯავა", "ხანუმა", "ცხოვრება მშვენიერია", "იცხოვრე და გახსოვდეს", "ოსტატი და მარგარიტა", "ორი წყვილი, ანუ ვინ არის ჩარლი", "რუსული ბლუზი", "სიზმრები საქართველოზე", "მისტიფიკატორი" და სხვ. გადაღებულია კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში. გ-ის პოეზია გამოირჩევა გამოსახვის თავისებური სტილითა და მანერით. პოეტმა მკითხველის აღიარება და სიყვარული მოიპოვა. გ-ის პოეტური კრებულები: "2-ჯერ 6 საკაიფო ლექსი" (2000), "ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა" (2003), "უაზრო ლექსი" (2004), "უბის ლექსი" (2008), "ახალი ლექსი" (2010), "...ოცნებები მცნებებივით ირღვევიან..." (2011). 2011 გამოვიდა მხატვრულდოკუმენტური ფილმი "ნიკო... აპლოდისმენტები" (რეჟ. გ. ბერიძე). გ. იყო კ. მარჯანიშვილის სახ. პრემიის (2003), ბრესტისა (2004) და შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო (ტრაპიზონი, 2006) თეატრალური ფესტივალების ლაურეატი. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში