გომართელი ივანე გედეონის ძე

ი. გომართელი

გომართელი ივანე გედეონის ძე [2(14). X. 1875, სოფ. გორისა, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, – 19. IV. 1938, თბილისი], ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. 1894 დაამთავრა თბილ. მეორე გიმნაზია, 1899 მოსკ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. აქტიურად მონაწილეობდა „ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს" წრეში, რ-საც ა. ხახანაშვილი ხელმძღვანელობდა. 1899-იდან მუშაობდა დიდ ჯიხაიშში, გორისაში, ქუთაისში, თბილისში. სანამ ცნობილი ექიმი გახდებოდა, ქართვ. საზ-ბამ იგი გაიცნო როგორც მწერალი და კრიტიკოსი. 1901-იდან ქართ. პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა პოპულ. წერილებს სამედ. საკითხებზე, პუბლიც. და კრიტ. სტატიებს. გ. იყო „მესამე დასის " წევრი, შემდეგ – მენშევიკ-ავტონომისტი, „ალიონელი", 1902-იდან – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის გამგეობის წევრი. 1905 თანამშრომლობდა ლეგალურ სოც.-დემოკრ. ჟურნ. „მოგზაურში". 1906 პირველი სახელმწ. სათათბიროს დეპუტატი იყო ქუთ. გუბერნიიდან. 1907 სამუშაოდ გადავიდა თბილისში. 1910 დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ერთი წელი დაყო. თებერვლის ბურჟ.-დემოკრ. რევოლუციის შემდეგ გახდა საქართვ. ეროვნ. კრების, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1917-იდან – გაზ. „ალიონის" ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტ. თანამშრომელი, სადაც დაიბეჭდა (№59) ოქტ. რევოლუციისადმი მიძღვნილი მისი ესკიზი „დედა სამშობლო". გ-ის პიესები „ქოხში" და „წამხდარი სისხლი" (ორივე 1905) წარმატებით იდგმებოდა ქართ. თეატრების სცენაზე. დრამატურგიაში გ. აგრძელებდა „ნატურალისტური დრამის" ტრადიციებს. მას ეკუთვნის აგრეთვე რომანი-ქრონიკა „სამი დროება" (1931), კრიტ. წერილები ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ნ. ბარათაშვილის, ა. ჭავჭავაძის, ე. ნინოშვილის, რ. ერისთავის, დ. კლდიაშვილის, ი. გრიშაშვილის, პოეტ-სიმბოლისტებისა და პროლეტ. მწერლების, ასევე ფ. შილერის, მ. გორკის, ჯ. გარიბალდის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. აღსანიშნავია გ-ის „გლეხის კარაბადინი" (1928), „საუბარი ჯანმრთელობის საკითხებზე" (1937).

თხზ.: რჩეული თხზულებანი, ტ. 1–2, შემდგ. ვ. წოწელია, თბ., 1966.

ლიტ.: გ ა გ ო ი ძ ე ვ., ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმდინარეობანი XX საუკუნის საქართველოში, თბ., 1964; ნ ა დ ა რ ე ი შ ვ ი ლ ი გ., ივანე გომართელი, თბ., 1967; წ ო წ ე ლ ი ა ვ., ივანე გომართელი (XX საუკ. სალიტ. კრიტიკის ისტორიიდან), წგ. 1–2, თბ., 1979–85.

ვ. წოწელია