გოთუ პართენ ალექსანდრეს ძე (10. X. 1873, სოფ. ძიმითი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 2. V. 1936, თბილისი), მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ჟურნალისტ-გამომცემელი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი. თხზულებისათვის „1889 წლის საფრანგეთის სათავადაზნაურო დარიგებები" დააჯილდოვეს ოქროს მედლით და მიავლინეს საზღვარგარეთ. იმოგზაურა შვეიცარიაში, გერმანიასა და ავსტრია- უნგრეთში. 4 თვე იმუშავა საფრანგეთში, ლუვრის საპარლამენტო არქივში. 1898 დანიშნეს ვლადიკავკაზის საქალაქო სასწავლებელსა და ქალთა გიმნაზიაში ისტ., გეოგრ., პედ. და მეთოდიკის მასწავლებლად. 1899 გ. იყო ვლადიკავკაზის ქართ. სკოლის ფაქტობრივი ხელმძღვანელი და ქართ. საზ-ბის თავ-რე. მისი თაოსნობით გაფართოვდა სკოლის შენობა, აშენდა სათეატრო დარბაზი, შეიქმნა ქართვ. მსახიობთა დასი და მომღერალთა გუნდი. 1903 გ-მ მუშაობა დაიწყო თბილისში ბეჭდვითი კომიტეტის ცენზორად, თუმცა მალე დაითხოვეს „არაკეთილსაიმედოობის" გამო. 1905 დააარსა ქართ. ეროვნ. ორიენტაციის რუსულენოვანი გაზეთი „ვოზროჟდენიე", რისთვისაც იდევნებოდა ხელისუფლების მიერ. გაზეთთან თანამშრომლობდნენ იმდროინდელი პროგრ. საზ. მოღვაწეები და მწერლები, მ.შ. ნ. ნიკოლაძე და ა. წერეთელი. 1907 გ. აირჩიეს ქალაქის საბჭოს ხმოსნად. როგორც ედპ-ის წევრი, იღვწოდა აჭარაში ქართ. სკოლების ქსელის გასაფართოებლად, თბილისში პოლიტექ. უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, შემდეგ კი – თავ-რე. გ. სიჭაბუკის დროიდან მოღვაწეობდა სალიტ. ასპარეზზე და აქვეყნებდა მოთხრობებს, თარგმანებსა და ნარკვევებს ჟურნალ-გაზეთებში („ცნობის ფურცელი", „ჯეჯილი", „ივერია", „მწყემსი", „კვალი", „მოამბე" და სხვ.). მის კალამს ეკუთვნის დრამები: „სიკვდილი", „სამზადისი", „კენჭისყრა", „პარტიის კაცი" და სხვ.
გ-მ შეისწავლა ფინანს.-ეკონ. დარგი, აქტიურად მონაწილეობდა საქალაქო და ცენტრ. ბანკის დაფუძნებაში, რ-საც თვითონ ჩაუდგა სათავეში. გამოუშვა ქართ. გაზ. „სავაჭრო გზა" და „ახალი დროება"; დასტამბა არაერთი ნაშრომი საქართვ. ეკონ. განვითარების საკითხებზე. იყო ქველმოქმედი (ეხმარებოდა ხელმოკლე ახალგაზრდა მწერლებსა და სტუდენტებს).
დაიღუპა საგზაო კატასტროფის დროს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, მწერალთა ყოფ. პანთეონში.
დ. გურგენიძე
რ. ჩხეიძე