გოგორიშვილი პლატონ ვლადიმერის ძე (25. VIII. 1899, სოფ. ბზვანი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 20. V. 1977, თბილისი), ქიმიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1954), პროფესორი (1956), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1980, გარდაცვალების შემდეგ; სხვებთან ერთად). დაამთავრა თსუ (1928). 1930 მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმ. ინ-ტში (1934- იდან – ლაბორ. გამგე). 1929–72 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. იყო თბილისის სტომატოლოგიური ინ-ტის არაორგ. ქიმ. კათედრის გამგე (1935–48). საფუძველი ჩაუყარა საქართველოში კომპლექსნაერთთა კვლევას, დაამუშავა და წარმოებაში დანერგა ნაბურღი წყლებიდან იოდის მიღების ახ. მეთოდი, შეიმუშავა მადნეულის სპილენძის სულფიდური მადნების გადამუშავების ავტოკლავურ-ჰიდრომეტალურგიული მეთოდი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.