თუთბერიძე ბეჟან დავითის ძე

თუთბერიძე ბეჟან დავითის ძე (დ. 15. X. 1943, სოფ. ფუთი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი), გეოლოგი. გეოლ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1997). 1969 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით და იქვე დაიწყო მუშაობა. 1997–2006 იყო თსუ-ის მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის კათედრის გამგე, 2003–05 – გეოლ. ფაკ-ტის დეკანი, 2012-იდან გეოლ. დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

თ-ის შრომები ეხება ვულკანოლოგიის, გეოქიმიის, პეტროლოგიისა და მინერალოგიის საკითხებს. შეისწავლა საქართვ. ნეოგენურანთროპოგენურ ვულკანიზმთან დაკავშირებული პოსტვულკ. ჰიდროთერმული მინერალიზაციის პროცესები. ავტორია სახელმძღვანელოსი „მინერალოგია" (თბ., 2010). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

თხზ.: Молодой вулканизм восточной части Джавахетского нагорья, Тб., 1990; Геология и петрология Альпийского позднеорогенного магматизма центральной части Кавказского сегмента, Тб., 2004.