თავაძე გიორგი ფერდინანდის ძე (დ. 6. XII. 1945, თბილისი), მეტალურგი. საქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. წ.-კორ. (2009), ტექ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2002). 1967 დაამთავრა სპი-ის მეტალურგიის ფაკ-ტი, ლითონმცოდნეობისა და ლითონების თერმული დამუშავების სპეციალობით. 1967 მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. მეტალურგიის ინ-ტში (ახლანდ. ფ. თავაძის სახ. მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტი). 1992–2004 მუშაობდა საქართვ. თავდაცვის სამინისტროს ტექ. სამმართველოს უფროსად; 1998–2002 - საქართვ. შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის სტრატეგიული დაგეგმარებისა და სამეცნ.-ტექ. კვლევების მთ. სამმართველოს უფროსად. 2002–04 იყო საქართვ. თავდაცვის სამინისტროს კვლევებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, 1997–2005 კი – NATO-ს კვლევებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაციისა და სახმელეთო შეიარაღების ჯგუფის ეროვნ. კოორდინატორი. 2005 აირჩიეს საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვილ წევრად. 2006 ამერიკის ბიოგრაფიული საზ-ბის მმართველ რედაქტორთა საბჭომ მიანიჭა მასალათმცოდნეობის ექსპერტის წოდება. 2006-იდან მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტის დირექტორია.
თ-ის სამეცნ. კვლევის მიმართულებებია: ამორფული და წვრილკრისტალური მასალების მიღება; ლითონური ნალღობიდან ზესწრაფი წრთობით თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის (თმს) ტექნოლოგიით A–15 ტიპის ლითონური და მაღალტემპერატურული კერამ. ზეგამტარი მასალების მიღება; თმს ტექნოლოგიით ბორისა და მისი ნაერთების მიღება და კვლევა. არის საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1988). მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის წოდება და (1996) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. 2013 მიენიჭა გიორგი ნიკოლაძის პრემია.
თხზ.: Получение специальных материалов методами самораспространяющегося высокотемпературного синтеза, Тб., 2011 (თანაავტ. А.С. Штепнберг).