თავაძე დიმიტრი მათეს ძე (6. II. 1911, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რ-ნი, – 6. III. 1990, თბილისი), საქართვ. სახ. მხატვარი (1967), სტალინური პრემიის ლაურეატი (1951). 1930 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგები იყვნენ ე. ლანსერე, გ. გაბაშვილი, ი. შარლემანი, ჰ. ჰრინევსკი. 1930–52 იყო შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. დრამ. თეატრის მხატვარი, 1952–76 – მთავარი მხატვარი. მუშაობდა აგრეთვე თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრსა და ვ. სარაჯიშვილის სახ. საოპერო სტუდიაში.
გააფორმა სპექტაკლები: დ. კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები" (1936), ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები" (1949, სტალინური პრემია, 1951), ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი" (1952), ჯ. ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი" (1954), პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი" (1959), პ. კოჰოუტის „როცა ასეთი სიყვარულია" (1959) – შოთა რუსთაველის სახ. თეატრში; მ. ბარათაშვილის „ჭრიჭინა" (1954) – კიევის ლ. უკრაინკას სახ. დრამ. თეატრში; გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი" (1955) – მოსკოვის ა. პუშკინის სახ. დრამ. თეატრში; კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი" (1959) – ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. დრამ. თეატრში და სხვ. თ-ის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია პირობითი ხასიათის კონსტრუქციული დანადგარებისა და ყოფით-ილუზორული ელემენტების შერწყმა, ნახატის გრაფ. სიმკვეთრე და ფერთა დეკორ. შეხამება. თ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. თეატრის მხატვრობის განვითარებაში 50-იან წლებში, ნატურალისტურ ტენდენციებთან ბრძოლის საწყის ეტაპზე.
ლიტ.: ა ლ ა დ ა შ ვ ი ლ ი ნ., დიმიტრი თავაძე, თბ., 1986; კ ი კ ნ ა ძ ე ვ., მხატვარ-რეალისტი, «დროშა», 1963, №12; კ უ ხ ი ა ნ ი ძ ე ტ., დიმიტრი თავაძის შექსპირიანა, «თეატრალური მოამბე», 1975, N4.
ქ. კინწურაშვილი