თავაძე მერაბ შალვას ძე (დ. 29. VII. 1942, თბილისი), მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1982). 1963 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო, ხოლო 1979 – კინოსარეჟისორო ფაკ-ტი (ო. იოსელიანის სახელოსნო). 1963–80 შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მსახიობი იყო, 1979-იდან – კინოსტუდია „ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟისორი. 1992 მეუღლესთან – ი. გიგოშვილთან ერთად დააარსა „სამეფო უბნის თეატრი" და წლების განმავლობაში არის მისი უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი. თ-ის მიერ რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დათო (ვ. როზოვის „ვახშმობის წინ"), ლაშიკო (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა"), ბობენი (ე. ლაბიშის „ჩალის ქუდი") და ლიზანდრი (უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი", პერდიკანი ( ა. მიუსეს „სიყვარული სახუმარო არ არის"); მარჯანიშვილის თეატრში – თარაშ ემხვარი [კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება" (მიწვეული მსახიობის რანგში)], იპოლიტი (ჟ. რასინის „ფედრა") და სხვ. მის მიერ შესრულებულ როლებს ახასიათებს უშუალობა, სცენური მომხიბვლელობა. გადაღებულია კინოფილმებში: „დრო იწურება განთიადზე" (მოსფილმი, 1965), რუსტამი და სუხრაბი („ტაჯიკ ფილმი", 1970), „ბატერფლაის დაბრუნება" (დოვჟენკოს კინოსტუდია, 1983), „მყუდრო სავანე" (რეჟ. კ. ღლონტი, 1970), „თოჯინები იცინიან" (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1964). საერთაშ. აღიარება მოიპოვა თ-ის მიერ გადაღებულმა ფილმებმა: „ოკეანე" (გრან პრი საზღვაო ფილმების საერთაშ. ფესტივალზე, ვილნიუსი, 1976), „მაცგი" (1982, 5 ჯილდო ევრ. ხუთი ქვეყნის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე), „მე დავბრუნდები" (1982), „ბრავო, ალბერ ლოლიშ" (1987, პრიზი მოსკოვის საერთაშ. ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისათვის, 1988), „ფესვები" (1999), „ხვეული კიბით" (2001, მთ. პრიზი ანაპის საერთაშ. კინოფესტივალზე საუკეთესო გამოსახულებისა და ოპერატორული ნამუშევრისათვის); „წინაპართა ნაკვალევზე"(1990). თ-ის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: „მოვედ სიყვარულისათვის" (რუსთაველის თეატრი, 1991), „შუშანიკის წამება" (1997) და „დრო და ჟამი" (1996; ორივე „სამეფო უბნის" თეატრი); გერმ. რეჟისორებთან (გ. ზევილდი და მ. კნისბეგი) ერთად ქ. ესენის „გრილო-თეატრში" წარმოადგინა სპექტაკლი „ოიდიპოს მეფე – ოიდიპოსი კოლონოსზე" (1993).
ლ. შენგელია