თავაძე ნიკოლოზ (ნიკა) მერაბის ძე (დ. 8. V. 1970, თბილისი), მსახიობი და რეჟისორი. ი. გოგებაშვილისა (1993) და კ. მარჯანიშვილის სახ. (2000) პრემიების ლაურეატი. 1991 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტი (შ. გაწერელიას ჯგუფი). 1994–97 მუშაობდა „სამეფო უბნის თეატრის" დაარსებაზე. ამავე თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რემი (ი. მისიმას „ჩემი მეგობარი ჰიტლერი"), ნუგზარი (ლ. ბუღაძის „ნუგზარი და მეფისტოფელი"; საქართვ. თეატრ. საზ-ბის ყოველწლიური პრემია – მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), მამაკაცი („აქ, ამ სავანეში"); ბრიკი (ტ. უილიამზის „კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე") და სხვ. ამავე თეატრში დადგა ფ. ვებერის „კონტრაქტი", 2007 და ს. მროჟეკის „სტრიპტიზი", 2012. 2000იდან კ. მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობია. ამ თეატრში შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: იუდა (მ. ბულგაკოვის „პილატე"), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა", 2006), ობერონი (უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი", 2006), ქაქუცა ჩოლოყაშვილი (გ. ქართველიშვილის „ქაქუცა ჩოლოყაშვილი", 2007), ფერნანდო (ე. გლანსერანი „გრონჰოლმის მეთოდი", 2013) და სხვ. გადაღებულია არაერთ ქართ. და საზღვარგარეთულ კინოფილმში, მ. შ. აღსანიშნავია: „იავნანამ რა ჰქმნა" (1993), „ბრავო, ალბერ ლოლიშ" (1997), „ხვეული კიბით" (რეჟ. მ. თავაძე, 2001; 2004 დაჯილდოებულია კიევის საერთაშ. ფესტივალზე „სტოჟარის" პრემიით, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), „რენე მიდის ჰოლივუდში" (რეჟ. ა. ცაბაძე, 2010, ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის) და სხვ.