ალექსანდრე (Alexander), ამ სახელით ცნობილია რამდენიმე პაპი: ა. IV (გ. 25. V. 1261, ვიტერბო), რომის პაპი 1254–61; ერისკაცობაში რაინალდო დე კონტი (Rainaldo de Conti). გრაფი დი სენი (di Segni). ა. IV მისიონერებს – ფრანცისკელებსა და დომინიკელებს გზავნიდა აღმ. ევროპის, აზიისა და აფრ. ქვეყნებში, მ. შ. საქართველოში (1258).
ა. VI (1. I. 1431, ხატივა, ვალენსიის მახლობლად, ესპანეთი, – 18. VIII. 1503, რომი), რომის პაპი 1492 – 1503. ერისკაცობაში როდრიგო ბორჯა (Rodrigo Borgia), წარმოშობით ესპანელი. ა. VI დიდ ყურადღებას უთმობდა მისიონერების მოღვაწეობას. 1493 წ. 18 აპრ. სიგელით მან თბილ. კათოლ. მრევლის ეპისკოპოსად დაამტკიცა ფრანცისკელი ალბერტო ენჯელი. აღსანიშნავია, რომ თბილისის ეპისკოპოსებად მანამდე ძირითადად დომინიკელი ბერები იყვნენ. ა. VII (1599, სიენა, – 22. V. 1667, რომი), რომის პაპი 1655–67. ერისკაცობაში ფაბიო კიჯი (Fabio Chigi). ა. VII დიდ ყურადღებას უთმობდა კათოლიკე მისიონერთა მოღვაწეობას აღმ. ქვეყნებში, კერძოდ საქართველოში.
ლიტ.: თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.
გ. ჟორდანია