დეკანოსიძე ოთარ ქაიხოსროს ძე

დეკანოსიძე ოთარ ქაიხოსროს ძე (28. XII. 1915, სოფ. ღარიხევი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 16. II. 1967, თბილისი), კინოოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1966).

დაამთავრა საქართვ. სახკინმრეწვთან არსებული კინოსაოპერატორო კურსები. 1942-იდან მუშაობდა დამდგმელ ოპერატორად დოკუმენტურ და სამეცნ.- პოპულ. ფილმებზე.

ძირითადი ნამუშევრები: „სახლი მწვერვალზე" (1947), „სამგორი" (1948), „ქართლის ბაღებში" (1952), „უძველესი ქალაქის გაზაფხული" (1958), „ამბავი ერთი ცდისა" (1959; მიღებული აქვს საპატიო დიპლომი ვარშავაში სამეცნ.-პოპულ. ფილმების V საერთაშ. კინოფესტივალზე, 1962), „მეგობრების შეხვედრა" (1960), „ალვანელი მეცხვარეები" (1964), „თბილისი – 15 საუკუნე და ერთი დღე" (1966) და სხვ. II მსოფლიო ომის პერიოდის ფილმები: „სევასტოპოლისათვის ბრძოლაში" (1944), „ბრძოლა კავკასიისათვის" (1944) და სხვ. ფილმები ქართვ. ალპინისტებზე (ბ. კრეპსთან ერთად) „უშბა" (1946; დიპლომი ვენეციის VIII საერთაშ. კინოფესტივალზე, 1947), „გმირული ტრავერსი" (1950), „პამირის მწვერვალებზე" (1954; საპატიო დიპლომი ვენეციის XVII საერთაშ. კინოფესტივალზე, 1956), „მთები და წლები" (1963) და სხვ.

გ. ასათიანთან ერთად გადაიღო ფილმები: „ნადირობა ჯუნგლებში", „მოგზაურობა ნეპალში" (ორივე 1959), „ალჟირის დღიური" (1961), „საჰარა", „მაროკო" (ორივე 1962), „უძველესი კულტურის ქვეყანა" (1963) და სხვ.

ა. გვენცაძე