დევდარიანი თამაზ ლევანის ძე

 

თ. დ ე ვ დ ა რ ი ა ნ ი ქანდაკება „მამა". ტონირებული თაბაშირი 1980 ტრეტიაკოვის გალერეა მოსკოვი

დევდარიანი თამაზ ლევანის ძე, (17. VI. 1937, თბილისი, – 27. VI. 1989, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1979).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1961, პედაგოგები – ს. კაკაბაძე, კ. მერაბიშვილი) და თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (1966). 1961-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში.

1978–86 იყო თბილ. ქანდაკების კომბინატის მთ. მხატვარი. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ახალგაზრდა მეცნიერი" (1961), „ქალიშვილის პორტრეტი" (1962), „ძმათა სასაფლაოზე" (1964; სამივე საქართველოს ეროვნ. გალერეა, თბილისი), „კოლმეურნე" (1976), „მამა" (1980; ორივე ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), „წერილი ფრონტიდან" (1986), „ალპინისტი" (1987; ორივე სურათების გალერეა, მოსკოვი);

არის ვეფხისტყაოსნისადმი მიძღვნილი სერიის ავტორი (1966–67, ჭედურობა) და სხვ. მხატვრულად გააფორმა ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია (1962). შექმნა ქართვ. მუსიკოსთა ბარელიეფები.

1962–88 აქტიურად მონაწილეობდა საზღვარგარეთის ქვეყნებში მოწყობილ სამხატვრო გამოფენებში.