დეკანოზიშვილი ანდრია გაბრიელის ძე

დეკანოზიშვილი ანდრია გაბრიელის ძე (1867, სოფ. რუისი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 1955, ქ. დრავეილი, საფრანგეთი), მწერალი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1891), ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის იურიდ. ფაკ-ტი (1897). XIX ს. 90-იანი წლების ბოლოს იმყოფებოდა ევროპაში, პოლონეთსა და საფრანგეთში. იმავე წლებში დაბრუნდა საქართველოში, თანამშრომლობდა „ცნობის ფურცელსა" და სხვა ქართულ გაზეთებთან.

გამოქვეყნებული აქვს 5 ნოველა „კვალში" („პეპელა", 1893; „დაღუპული", 1893; „სულერთია, ხომ ვეღარ გამობრუნდება", 1895; „ის კი მიდიოდა", 1896; „სხვისია, სხვისი!" 1897). ნოველები ითარგმნა რუსულად.

დ. 1901 წლიდან დაუახლოვდა გაზ. „ცნობის ფურცლის" ეროვნულ-რადიკალურ ჯგუფს. შემდგომში იგი აირჩიეს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის საინიციატივო ჯგუფის მთავარ კომიტეტში ა. ჯორჯაძესთან, გ. დეკანოზიშვილთან, გ. ლასხიშვილთან და ვ.ლორთქიფანიძესთან ერთად. ამ კომიტეტის ბაზაზე და მისი ძალისხმევით შეიქმნა პირველი ეროვნული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში – სოციალისტფედერალისტთა პარტია.

დ. მონაწილეობას იღებდა პარტიის პროგრამის შემუშავებასა და, საერთოდ, მის საქმიანობაში. დ. იყო საზოგადოება „ჩემო“-ს წარმომადგენელი ჰააგაში (1920).

1921-იდან იმყოფებოდა ემიგრაციაში.

ლიტ.: ლ ა ს ხ ი შ ვ ი ლ ი გ., მემუარები, თბ., 1934, 1992; შ ვ ე ლ ი ძ ე დ., პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. ფედერალისტები, თბ., 1993; წ ო წ ე ლ ი ა ვ., მოთხრობები, თბ., 1965.

დ. შველიძე