ახალსოფელი, სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, (ქვემო ქართლის რეგიონი), ბედენის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ბზისწყლის (ალგეთის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ა., გოხნარი, ზირბითი, საფუძვრები). ზ. დ. 1240 მ, თეთრი წყაროდან 45 კმ. 118 მცხ. (2014).
სოფლის ძვ. სახელია ბზა (ზა). „ა.“ უწოდეს XIX ს. დასასრ. ჩამოსახლებულმა მთიულებმა. სოფლის შუაგულში დგას წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია 2 მინაშენით, აგებულია ბაზალტის თლილი კვადრებით, უხვადაა შემკული ჩუქურთმებითა და რელიეფური კომპოზიციებით. ხუცურით შესრულებული წარწერის მიხედვით („..ადიდე მეფეთ მეფე ბაგრატი“ – ლაპარაკია ბაგრატ IV-ზე) ძეგლი თარიღდება XI ს-ით. იგი მოგვიანებით განუახლებიათ. ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა, სადაც შემორჩენილია მრავალი საფლავის ქვა, ზოგზე ჩანს ხუცური წარწერა. სასაფლაოს დას. ნაწილში დგას შუა საუკ. ღვთისმშობლის პატარა ეკლესია, სოფლის მახლობლად კვირაცხოვლის ეკლესიის ნანგრევებია.
ლიტ.: ციციშვილი ი., მატერიალური კულტურის ძეგლები ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით, «ძეგლის მეგობარი», 1980, №54; Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913.