დავით III დ ი დ ი, კ უ რ ა პ ა ლ ა ტ ი (გ. 1001), ტაოს მეფე, კურაპალატი 979–1001, ქართველთა მეფე 994–1001, ადარნასე III -ის ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი.
დ. III ფლობდა სამხრეთ ანუ იმიერტაოს, ბასიანსა და მომიჯნავე სომხ. თემებს. X ს. შუა წლებში ტაოს სამეფოს საზღვარი მდ. არაქსზე გადიოდა. დ. III-ის მეთაურობით განხორციელდა მისი შვილობილისა და გაზრდილის ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართ. სახელმწ. შექმნის გეგმა. როდესაც ბაგრატის გამეფებით უკმაყოფილო ქართლის აზნაურებმა, კახელთა დახმარებით, შეიპყრეს ბაგრატი, ასევე მამამისი გურგენი და დედოფალი გურანდუხტი, დ. III-მ ისინი გაათავისუფლა და უფლებები აღუდგინა.
დ. III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გაიბა ფართო ეკონ. კავშირი აღმ. და დას. ქვეყნებთან. აღდგა საქართველოში არაბთა მფლობელობის დროს შეწყვეტილი ქართ. მონეტის გამოშვება. აიგო ოშკის, ხახულის, პარხალის ტაძრები, სადაც ფართო კულტ. საქმიანობა გაჩაღდა. ტაოს კულტ. ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. გარდა ამისა, დ. III ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს (ექვთიმე ათონელი და სხვ.) საგანგებოდ უკვეთავდა ქართ. წიგნებს.
დ. III მნიშვნელოვანი პოლიტ. ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. ის აწესრიგებდა ვითარებას მეზობელ სამეფო-სამთავროებში (მისი აქტ. ჩარევით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ სმბატ ბაგრატუნსა და კარის მფლობელ მუშეღს შორის).
დ. III-ის სამხ. ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტ. იმპერიის შიდა თუ გარე ბრძოლებში. 979 დ. III დაეხმარა იმპ. ბასილ II-ს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. ამისათვის იმპერიის ხელისუფლებამ მას გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი" სამმართველოდ მისი სიცოცხლის მანძილზე (იხ. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა ). ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დ. III-ს თვითონ უნდა გაეთავისუფლებინა მაჰმადიანთაგან. როგორც ჩანს, მას იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა.
ალბათ, ამ სურვილით იყო განპირობებული 988 წ. დ. III-ის ბრძოლა ბასილი II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეზე. აჯანყების დამარცხების გამო დ. III იძულებული გახდა პატიება ეთხოვა იმპერატორისათვის და აღუთქვა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელო იმპერიას გადაეცემოდა. მიუხედავად ამ მარცხისა, დ. III განაგრძობდა ბრძოლას ქართ. და სომხ. მიწების გასათავისუფლებლად მაჰმადიან მფლობელთაგან.
დ. III-თან ერთად იბრძოდნენ მისი მოკავშირეები: ქართველთა მეფე ბაგრატ II და სომეხთა მეფეები: ანისის მეფე გაგიკ I, ვანანდის მეფე აბასი. 990 დ. III-მ მანაზკერტი აიღო, 997 ალყა შემოარტყა ხლათს. 998 დ. III-ის წინააღმდეგ მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრობა მოეწყო, მაგრამ დ. III-მ დაამარცხა მომხდურნი. მტრისგან გათავისუფლებულ მიწა-წყალზე დ. III თავის ქვეშევრდომ ქართველებსა და სომხებს ასახლებდა.
დ. III-ის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობის გამო ხანგრძლივი ომი ატყდა საქართვ. და ბიზანტ. იმპერიას შორის.
წყარო: არისტაკეს ლასტივერტცი, ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1974; გიორგი მთაწმიდელი, ცხორება იოვანესი და ეფთჳმესი, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967; მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, ე. თაყაიშვილის გამოც., თბ., 1949 (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 27); Всеобщая история Степаноса Таронского, Асохика по прозванию…, пер. с арм. Н. Эмина, М., 1864.
ლიტ.: კ ო პ ა ლ ი ა ნ ი ვ., საქართველოს და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970–1070 წლებში, თბ., 1969; ქ უ რ ც ი კ ი ძ ე ც., ათონის მონასტერში დაწერილი ერთი ხელნაწერის შესახებ, კრ.: მწიგნობარი, თბ., 1980; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2); Л о р д к и п а н и д з е М., Картвельское царство (Тао-Кларджети), წგ.: Очерки истории Грузии, т. 2, Тб., 1988; С т е п а н е н к о В. П., К датировке получения сана курапалата Давидом II Багратидом, «თსუ შრომები», 1982, ტ. 227.
მ. ლორთქიფანიძე