დარბაზი

დარბაზი, (სპარს. დარვაზე – კარი, ალაყაფის კარი, სასახლის კარი), მეფესთან არსებული არამუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – სამეფო საბჭო XI–XVIII სს. საქართველოში.

ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისით, დ. ეწოდებოდა როგორც სამეფო სასახლეს, ისე სამეფო საბჭოს, დ-ის წევრებს ერქვათ „დარბაზის ერნი", დ-ის სხდომას – „დარბაზობა". დარბაზობა ორნაირი იყო „უმცროსითა წესითა" და „დიდის წესითა".

დარბაზობა „უმცროსითა წესითა" დ-ის საქმიანი სხდომა იყო, რ-საც მხოლოდ „დარბაზის ერნი" ესწრებოდნენ. „დიდი დარბაზობა" კი დ-ის საზეიმო სხდომას წარმოადგენდა, რ-საც „დარბაზის ერთა" გარდა, მრავალრიცხოვანი „ხელშინაური" მოხელეები და „დარბაზის ყმანიც" ესწრებოდნენ. ამგვარ დარბაზობაზე ისეთი საქმეები ირჩეოდა, რ-თა შესახებ საჯაროდ მსჯელობა უხერხული და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სახიფათო არ იყო.

დარბაზობას ჰქონდა თავისი დადგენილი „დარბაზობის წესი". დარბაზობის გამართვის ბრძანებას გასცემდა მეფე, რ-იც თვითონ საზღვრავდა, თუ როგორი წესით უნდა გამართულიყო დ. და თვითონვე თავმჯდომარეობდა სხდომებს. მეფესთან სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლის სტუმრობას „დარბაზობად მოსვლა" ერქვა. მას წინ უძღოდა „თხოვა დარბაზობისაი", ე. ი. აუდიენციის თხოვნა.

თუ მეფე თავად მოიწვევდა სხვა სახელმწიფოს მეთაურს, ამას „დარბაზობად მოყვანა" ერქვა. მტკიცედ იყო განსაზღვრული დ-ის წევრთა დასხდომის წესი, თუმცა ის სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარი იყო. ბაგრატ IV -ის დროს დ-ის წევრები მეფის პირდაპირ სხდებოდნენ, თამარ მეფის დროს ეს წესი შეუცვლიათ და დ-ის წევრები მეფის ორივე მხარეს მსხდარან. დ-ის წევრი, რაც უფრო ახლოს იჯდა მეფესთან, მით უფრო საპატიო იყო. სკამებიც განსხვავებული იყო: ყველაზე საპატიო პირებისთვის (ვაზირებისა და ერისთავთერისთავებს) ედგათ ოქროჭედილი სელები (სავარძლები), რ-ებზეც გადაფენილი იყო ნატი და სასთაული (ხალიჩა და ბალიში).

ნაკლებად საპატიო წევრებს სკამზე ედოთ მხოლოდ ნატი, უბალიშოდ, ხოლო უფრო დაბალი რანგის პირებს ედგათ უნატო და უბალიშო სკამები. დარბაზობის ზოგი მონაწილე ფეხზე იდგა. ისინი დ-ის წევრები არ იყვნენ, მხოლოდ დარბაზობისათვის საჭირო წესრიგის, ცერემონიალის დამცველი ან საქმის წარმოებისათვის აუცილებელი მოხელეების ფუნქციებს ასრულებდნენ (მაგ. მწიგნობარნი). დ-ის დროს ფეხზე მდგომ თითოეულ მოხელესაც თავისი ადგილი ჰქონდა მიჩნეული „წესისაებრ სიახლოისა" (სამეფო ტახტთან).

დ-ის ყოველი წევრის დაწინაურებას მისთვის კუთვნილი დასაჯდომი ადგილის შეცვლაც მოსდევდა. ამისათვის საჭირო იყო აჯა (თხოვნა) უკეთესი (მაგ., სასთაულიანი დასაჯდომი) ადგილის ბოძების შესახებ. დ. იკრიბებოდა როგორც მნიშვნელოვანი სახელმწ. საქმეების განსახილველად, ისე სადღესასწაულოდ და საზეიმოდ.

დ-ზე განიხილებოდა კანონმდებლობისა და უზენაესი მართლმსაჯულების, ომის გამოცხადების, დიდ ხელისუფალთა არჩევადანიშვნის, მათი „დალოცვა-ჴელდასხმის" საკითხები და სხვ. ნ. ბერძენიშვილის აზრით, დ-ის როლი სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი იყო: დავით აღმაშენებლის დროს დ. მეფეს ემორჩილებოდა, გიორგი II-ის დროს კი მეფე – დ-ს. მისივე აზრით, დავით აღმაშენებლის დროიდან დ-ს დაუპირისპირდა სავაზირო, რ-იც უფრო პროგრ. დაწესებულება იყო, რადგან ხელს უწყობდა ქვეყნის ცენტრალიზაციას, მმართველობის მოწყობას ცენტრ. საუწყებო პრინციპით; დ. კი ერისთავთა, ადგილ. გამგებელ მოხელეთა დაწესებულება იყო.

მეფე ცდილობდა სავაზიროს გზით „მოუხეშავი დარბაზის, ამ ნახევარ-ხელმწიფეთა კრებულის დამორჩილებას". ამ მიზნით სამეფო ხელისუფლებამ XII ს. მიწურულს ვაზირს ერისთავთერისთავობა შეუთავსა. ეს იყო პირველი კონსტ. ხასიათის შეტევა ერისთავებისა და დ-ის წინააღმდეგ. ივ. ჯავახიშვილის აზრით, რ-საც სხვა მკვლევრებიც იზიარებენ, თამარის მეფობაში ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლას მოჰყვა დ-ის უფლებათა გაფართოება და სახელმწ. მმართველობაში „ერთნებობა თანადგომის" (ე. ი. მეფის მიერ დიდებულებთან ერთად სახელმწიფოს მართვის) პრინციპის დაკანონება. შ. მესხიას აზრით, ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა მიზნად ისახავდა ახ. ტიპის დ-ის დაარსებას, რ-იც დაიცავდა არა მარტო დიდგვარიანი ფეოდალების, არამედ მესამე წოდების (დიდვაჭართა, მოქალაქეთა ზედა ფენა) ინტერესებსაც. ეს გამოსვლა მარცხით დამთავრდა, მაგრამ მას მაინც მოჰყვა გარკვეული შედეგი: დ-ის შემადგენლობაში შევიდნენ დიდვაჭართა, მოქალაქეთა ზედა ფენის წარმომადგენლები.

დ-ის შესახებ არსებობს განსხვავებული თვალსაზრისიც (ნ. შოშიაშვილი), რ-ის მიხედვით, დ. არ წარმოადგენდა სახელმწ. ორგანოს თავისი მუდმივი შემადგენლობით და სამუშაო წესდებით. ეს იყო მეფის სასახლისა და სამეფო კარზე არსებულ სახელმწ. დაწესებულებათა (საჭურჭლე, სააჯო კარი, სამწიგნობრო და სხვ.) ერთობლიობა.

ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა ი., „დარბაზი" XI–XIII საუკუნეთა საქართველოში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1976, № 4; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველო XI–XVIII საუკუნეებში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 6, თბ., 1973; დ ო ლ ი ძ ე ი., გიორგი ბრწყინვალის სამართალი, თბ., 1957; კ ი კ ვ ი ძ ე ა., ქართული სახელმწიფო დარბაზი და მისი ადგილი „ვეფხისტყაოსანში", კრ.: XII საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1968 («თსუ შრომები», ტ. 125); მ ე ს ხ ი ა შ., საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში, თბ., 1962; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, [ტ]. 1, თბ., 1952; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.7).

ნ. შოშიაშვილი