დარბაზი

დარბაზი, სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), შუა ხრამის მთისწინეთში, მდ. გეტისწყლის (მაშავრის აუზი) მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: დ., წიფორი, ჭრეში, ხახალაჯვარი). ზ. დ. 900 მ, ბოლნისიდან 21 კმ. 3,7 ათ. მცხ. (2002).

სოფლის ჩრდ.-დას-ით, გორაკზე, ძვ. დარბაზული ეკლესიის ნანგრევია. ნაგებია დაუმუშავებელი ქვებით, ხოლო პროფილირებული ლავგარდანები დამუშავებული ქვისა ყოფილა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, აღმ. და დას. კედლებში კი თითო სარკმელია. საკურთხევლის თაღი ისრულია, შერჩენილია კანკელის ძირი. შიგნითა ეკლესია შელესილი და მოხატული იყო. ეკლესია გვიანდ. შუა საუკ. ეკუთვნის, ამავე პერიოდის უნდა იყოს ეკლესიის ირგვლივ არსებული სასაფლაოც.

დ. იხსენიება ლუარსაბ მეფის განჩინებაში 1537–38 იოთამ და ორბელ ბარათაშვილთა გაყრის საქმესთან დაკავშირებით. საბუთის მიხედვით, იოთამს რგებია „დარბასქალას თავდარბაზი", დარბასქალის ნახევარი და საუხუცესო. ბარათაშვილებს შორის ამ მამულებზე დავა XVII ს-შიც გრძელდებოდა. XVII ს. II ნახ. საყაფლანიშვილოს ძღვენისა და სამასპინძლოს გარიგების დავთარში, დარბაზელ გლეხებს გამოსაღებად შეწერილი ჰქონდათ სხვადასხვა სახის სამეურნ. და ფულადი გადასახადი. ამჟამად დ-ში თურქულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.

ლიტ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 4–6, თბ., 1972–77; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორიის ძეგლები, წგ. 2, თბ., 1974.

დ. ბერძენიშვილი