დარჩია გივი ილიას ძე

დარჩია გივი ილიას ძე (26. III. 1926, ოზურგეთი, – 17. V. 1990, თბილისი), ინჟინერ-მშენებელი. პროფესორი (1976), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985).

1949 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი. 1949–50 მუშაობდა თბილ. საქალაქო საბჭოს საჰაერო თავდაცვის შტაბში, 1950–52 – საპროექტო ინ-ტ „თბილქალაქპროექტში" სექტორის უფროსად, 1952–56 – მოსკოვის სამრეწვ. ნაგებობათა ცენტრ. კვლევით ინ-ტში, 1956–62 – საქართვ. მეცნ. აკად. სამშენებლო საქმის ინ-ტში უფროს მეცნ. თანამშრომლად.

1958-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. 1962-იდან მისი ინიციატივით ამ ინ-ტში ჩამოყალიბდა ამიერკავკასიაში პირველი თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრა, რ-საც დ. დაარსებიდან ხელმძღვანელობდა.

დ-ს კვლევის საგანი იყო რესპუბლიკაში გაზიფიკაციის, თბოფიკაციის, გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემათა დანერგვა და შემდგომი განვითარება.

თხზ.: გათბობა და ვენტილაცია, ნაწ. 1–2, თბ., 1967–71; თბოაირმომარაგება და ვენტილაცია, თბ., 1977.