დარასელი ვანიონ ალექსის ძე

ვ. დარასელი

დარასელი ვანიონ ალექსის ძე [25. V (7. VI). 1909, სოფ. კახათი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 13. IV. 1954, თბილისი], მწერალი.

დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1928 საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა. XX ს. 20-იან წლებში მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდებოდა ქართ. პრესაში. პირველი კრებ. „ჩემი ტყვია და ჩემი ლექსები" 1934 გამოაქვეყნა. 1935-მდე მსახურობდა წითელ არმიაში. ჯარიდან დაბრუნებულმა დაამთავრა როსტოვის პედ. ინ-ტი (1940).

მისი შემოქმედების მთ. თემაა სამოქალაქო და II მსოფლიო ომების ჰეროიკა, რ-თაც მიუძღვნა მოთხრობები: „მაშინ", „მეკვლე", „ქარი", „ნავარდი", „ბალადა უცხოელ ჯარისკაცებზე"; რომანი „ჩემი შვილი"; პოემა „რუსული გული". დ-ს ეკუთვნის აგრეთვე პოემა „კიკვიძე" (1939) და დრამა „კიკვიძე" (1953), რ-იც დაიდგა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. და თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრებში. იდგმებოდა მისი სხვა პიესებიც: „გამახარე", „უფროსი ძმა", „ოცნება...".

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: რჩეული, თბ., 1956; ომისა და მშვიდობის დღეებში, თბ., 1964; კიკვიძე. – გამახარე. პიესები, თბ., 1976.