დარასელი ზაზა ვანიონის ძე

ზ. დარასელი 

დარასელი ზაზა ვანიონის ძე (20. VI. 1950, თბილისი, – 1. VII. 2001, იქვე), ჟურნალისტი.

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკულტეტი (1972). იმავე წლიდან დ-მ მუშაობა დაიწყო საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტში, საქართვ. რადიოს სამეცნ. გადაცემების რედაქტორად, შემდგომ – ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციაში ახალგაზრდული პროგრამების მთ. რედაქტორად (1980–83).

1985 დაინიშნა საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ (გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა).

1992-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია „მეორე არხს" (გენ. დირექტორი).

ცნობილია აგრეთვე მისი მოთხრობები და ნოველები, მაგ. ნოველა „უჩინარი" (თბ., 1984); თარგმნიდა გ. მარკესის ნაწარმოებებს.

დ-ს გარდაცვალებისთანავე დაარსდა მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლე მშვენიერია", რ-იც აფინანსებს კულტურულ, სპორტულ, ხელოვნებისა და განათლების პროექტებს.