დანელია ბათუ (ბართლომე) ბარნაბას ძე (დ. 20. VIII. 1950, სოფ. ზანათი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი), პოეტი, მთარგმნელი.
დაამთავრა მოსკ. მ. გორკის სახ. ლიტ-რის ინ-ტი (1987). პირველი კრებული „ქალაქი ფრთებქვეშ" 1982 გამოიცა. დ. ავტორია ლექსთა კრებულებისა: „წყნარი ქუჩა" (1986), „ტიხარი" (1987), „მარტოობის ზამთარი" (1997), „მთვარის დღესასწაული" (2003), „შეშლილი ვარსკვლავები" (2006), „მერვე ბგერა" (2008).
დ-ს პოეზია გამოირჩევა ინტონაციური მრავალფეროვნებით, იცავს პოეტური ფიქრისა და ლექსის ნოვაციური ფორმების ერთიანობას. თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ა. ახმატოვას, გ. აპოლინერის, გ. ბენის, ე. პოსა და სხვათა ლექსები.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თარგმანები ცნობილი რუსი პოეტის ი. ბროდსკის ლექსების კრებულებისა: „მოგესალმებით არსაიდან" (1993), „ბროლის კუნძული" (2010) და ბ. პასტერნაკის პოეტური ციკლისა „იური ჟივაგოს ლექსები" (2009).
დ-ს ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე. 2005 დ-ს მიენიჭა ვაჟა-ფშაველას პრემია. 2009 პოეტური კრებულისათვის „Mirabilis Vita" მიღებული აქვს პრემია „საბა". 2011 მიენიჭა გ. ტაბიძის სახ. პრემია.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).
ნ. კუპრეიშვილი