დანელია გიორგი (გია) ნიკოლოზის ძე (25. VIII. 1930, თბილისი, - 4. IV. 2019, მოსკოვი), კინორეჟისორი. სსრკ სახ. არტისტი (1989).
დაამთავრა მოსკ. არქიტ. ინ-ტი (1955) და „მოსფილმთან" არსებული უმაღლესი სარეჟისორო კურსები (1958).
1958-იდან დ. „მოსფილმის" წამყვანი რეჟისორია, იქ გადაიღო მხატვრული ფილმები: „სერიოჟა" (1960, ი. ტალანკინთან ერთად. ფილმმა და მისმა რეჟისორმა დ-მ 40-მდე პრემია მოიპოვა სხვადასხვა საერთაშ. კინოფესტივალზე, მ.შ. კანში პირველი პრემია – „ოქროს დაფნის რტო"; კარლოვი-ვარში – დიდი პრიზი „ბროლის გლობუსი"; მექსიკაში – პრიზი „პალენეკეს ოქროს თავი"; ინგლისში, კანადასა და საფრანგეთში – საპატიო დიპლომები; ამერ. პრესის სპეც. პრიზი და სხვ.), „გზა ნავსაყუდელისაკენ" (1962), „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში" (1963; სპეც. პრიზი კანის XVII საერთაშ. კინოფესტივალზე; I პრემია მილანში, პრიზები ედინბურგსა და ჩეხოსლოვაკიაში გამართულ საერთაშ. კინოფესტივალებზე), „ოცდაცამეტი" (1965), „არ იდარდო!" (1969; კინოსტუდია „ქართულ ფილმთან" ერთად, სპეც. პრიზი „კონდორი" მარ-დელ-პლატის X საერთაშ. კინოფესტივალზე; პრემია კარტახენის X საერთაშ. კინოფესტივალზე), „მთლად წყალწაღებული" (1973; პრიზი „ოქროს პალმის შტო" კანის საერთაშ. კინოფესტივალზე და პრიზი ესპანეთში საერთაშ. კინოფესტივალზე), „აფონია" (1975), „მიმინო" (1977; სსრკ სახელმწ. პრემია, 1978; ოქროს დიდი პრიზი მოსკ. X საერთაშ. კინოფესტივალზე; ოქროს პრიზი იტალიაში XIX საერთაშ. კინოფესტივალზე), „საშემოდგომო მარათონი" (1979; მთავარი პრიზი „ოქროს დიდი ნიჟარა" სან-სებასტიანის XXVII საერთაშ. კინოფესტივალზე; რსფსრ სახელმწ. პრემია, 1981), „ცრემლის ღვარი" (1982), „ქინ-ძა-ძა" (1986), „პასპორტი" (1991), „ფორტუნა" (2000) და სხვ.
დ-ს შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, პოეტურობა, დახვეწილი იუმორი. იგი თითქმის ყველა თავისი ფილმის სცენარის ავტორი ან თანაავტორია. მასვე ეკუთვნის „იღბლიანი ჯენტლმენების" სცენარი.
დ . წლების მანძილზე რეჟისურის ხელოვნებას ასწავლიდა საკავშ. კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტში. იყო „მოსფილმის" კომედიური და მუს. ფილმების შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, საკავშ. სახკინოსთან არსებული უმაღლესი სარეჟისორო კურსების პედ. საბჭოს თავ-რე.
თხზ.: Безбилетный пассажир, М., 2003; Тостуемый пьет до дна, М., 2005.
ა. გვენცაძე