დანელია კორნელი დავითის ძე

კ. დანელია

დანელია კორნელი დავითის ძე (15. VI. 1934, სოფ. ნაჯახავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 28. IX. 1997, თბილისი), ფილოლოგი, ენათმეცნიერი, ტექსტოლოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი (1981).

დაამთავრა ქუთ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი. 1958–59 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტში. 1963-იდან სამეცნ. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ის ძველი ქართული ენის კათედრაზე (1987-იდან ამ კათედრის გამგე).

1988-იდან იყო თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი. დ-ს გამოკვლევები ეხება ძველი ქართული ენის, მეგრულ-ჭანურის, ქართ. სალიტ. ენის ისტორიის, ბიბლიურ წიგნთა ქართ. თარგმანების რაობის, გენეზისის, მათში უცხოენოვანი ელემენტების გამოვლენის საკითხებს. აღსანიშნავია მისი წვლილი ძველი ქართული ენის ძეგლების კრიტიკულად გამოცემასა და შესწავლაში. მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ი. ყიფშიძის თხზულებათა ერთტომეულს (1994).

თხზ.: ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები, თბ., 1983; იოსებ ყიფშიძე – ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა, თბ., 1985; აკაკი შანიძე. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1987 (თანაავტ. ზ. სარჯველაძე); ნარკვევები ქართული სამწერლობო ენის ისტორიიდან, ორ ტომად, თბ., 1998, 2009.

გამოც.: პავლეს ეპისტოლეთა ძველი ქართული ვერსიები, თბ., 1974 (თანაავტ. ქ. ძოწენიძე); ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი. ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები (ტექსტი, ლექსიკონი, გამოკვლევა), ტ. 1, ნაწ. 1–2, თბ., 1987–92; ქართული ხალხური სიტყვიერება. მეგრული ტექსტები ქართული თარგმანითურთ, ტ. 2, თბ., 1991 (თანაავტ. ა. ცანავა); იერემიას წინასწარმეტყველების ძველი ქართული ვერსიები (ტექსტი, გამოკვლევა, ლექსიკონი), თბ., 1992.

ზ. სარჯველაძე