დანელია რევაზ ვალერიანის ძე (5. V. 1947, სოფ. ლეხაინდრავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 3. III. 2008, თბილისი), მათემატიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2001).
1968 დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი მათემატიკის სპეციალობით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თსუ-ის ი. ვეკუას სახ. მათ. ინ-ტში მეცნ. თანამშრომლად. 1971–96 პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართვ. ტექ. უნ-ტის მათემატიკის კათედრაზე.
1981–84 მივლინებული იყო მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტში დრეკადობის თეორიის კათედრაზე. 1996-იდან პედაგოგიური საქმიანობა გააგრძელა საქართვ. აგრარულ უნ-ტში. იყო უმაღლესი მათ. და თეორ. მექანიკის კათედრის გამგე. დ-ს მეცნ. კვლევის ძირითადი სფეროა ჰიდროტექნიკა, კერძოდ, მელიორაცია.
მან დაადგინა სამელიორაციო ჰიდროკვანძების კაშხლის ზედაპირზე მიწისძვრით წარმოქმნილი ჰიდროდინამიკური წნევები, წყალსაცავის ფსკერზე გრუნტში გავრცელებული სეისმური ტალღის გათვალისწინებით.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სახელმძღვანელო და მონოგრაფია.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).